“ჩვენი ამბიციური გეგმა არის ის, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს ყველაზე მეტად მომზადებული კანდიდატი ქვეყნებიდან ევროკავშირში წევრობისთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამა ძალიან ამბიციურ გეგმებს ისახავს.
„დღეს პარლამენტი იწყებს სამთავრობო გუნდის და პროგრამის განხილვას და მათ მოსმენებს. თითოეულ კომიტეტში დეტალურად, თითოეული კანდიდატის პროგრამას, გეგმებს, სამომავლო ხედვებს განიხილავენ. საზოგადოებას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ შეაფასოს, თავად დარწმუნდეს, რომ ეს ადამიანები არიან საუკეთესო პროფესიონალები. ჩვენი ამბიციური გეგმა არის ის, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს ყველაზე მეტად მომზადებული კანდიდატი ქვეყნებიდან ევროკავშირში წევრობისთვის.
სწორედ ამიტომ სამთავრობო პროგრამა ძალიან ამბიციურ გეგმებს ისახავს მიზნად. იქნება ეს, როგორც თავად ევროკავშირთან, როგორც ორგანიზაციასთან და მის ინსტიტუტებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ამ თანამშრომლობის გზაზე ნებისმიერი ხელოვნური ბარიერის მოხსნა, ასევე თავად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ფორმატებში ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება და კიდევ უფრო გაღრმავება“, – აღნიშნა მახაშვილმა.