“მეათე მოწვევის პარლამენტში, როდესაც ოპოზიციის ნაწილი არ შემოვიდა რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტში, შემდგომში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და გვეხვეწებოდნენ, განაცდური ხელფასი აგვენაზღაურებინა მათთვის” – მიქანაძე
“საზოგადოებას გავახსენებ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში, როდესაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა და არ შემოვიდა რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტში, შემდგომში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და გვეხვეწებოდნენ, რომ განაცდური ხელფასი აგვენაზღაურებინა მათთვის. სავარაუდოდ, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ეს ადამიანები, მაგრამ ამ თხოვნას შემდგომში გავითვალისწინებთ თუ არა ეს კიდევ განხილვის საკითხი არის”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება იმას, თუ მოგვიწევს მხოლოდ უმრავლესობას მუშაობა პარლამენტში, რეალობა არის, რომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სახელმწიფოში ოპოზიციას აქვს თავისი მნიშვნელოვანი როლი, დემოკრატიული პროცესისთვის ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ საუბარი ჯანსაღ ოპოზიციაზე, რომელიც დისკუსიაში შემოდის, რომელიც საქმეზეა ორიენტირებული. და არა ისეთ მავნე და დამაზიანებელ სუბიექტებზე, რომლებმაც სამწუხაროდ, საზოგადოების მცირე მაგრამ გარკვეული ნაწილის მხრიდან მაინც მიიღეს მხარდაჭერა. თუ ეს იქნება მათი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ჩვენ ვერავის ვერ ვაიძულებთ თუ მათ არ უნდათ მუშაობა პარლამენტში ჩვენ იძულებით ამას ვერ განვახორციელებთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.