“არ გამკვირვებია დღეს პროტესტის მონაწილეთა მცირერიცხოვნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერები იმუქრებოდნენ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, რომ არ მისცემდნენ საშუალებას ახლად არჩეულ პარლამენტს, შეკრებილიყო”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მან მხარდამჭერებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„კიდევ ერთხელ მსურს, დიდი მადლობა გამოვხატო ჩვენი მხარდამჭერების მიმართ, რომელთა გვერდში დგომითაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ პირველი სხდომა შედგა. 150-ვე არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების მინიჭებით დავიწყეთ ეს სხდომა, რაც პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს მასზე კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულება. დღეს მოხდა ასევე საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევა კონკრეტული დეპუტატების, რის შემდეგაც კომიტეტის სხდომები გაიმართა. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ერთგულნი ვრჩებით კანონის უზენაესობის, კონსტიტუციის დაცვის.
რაც შეეხება ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ამომრჩევლის ნაწილის მხარდაჭერით მიიღეს 61 მანდატი 150-დეპუტატიან პარლამენტში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მათ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. აბსოლუტურად მილევად რეჟიმში იყო ოპოზიციის აქცია, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანიც კი ვერ შეკრიბა იმის გასაპროტესტებლად, რაც ბუნებაში არ არსებობს. ზუსტად ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ ვერ გამოჰყავთ ხალხი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები ჩატარდა საკმაოდ მაღალი სტანდარტით და არანაირი მტკიცებულება იმის, რომ არჩევნებში იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, რასაც შეეძლო რაიმე სახის გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგებზე, არ არსებობს.
არ გამკვირვებია დღეს პროტესტის მონაწილეთა მცირერიცხოვნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერები იმუქრებოდნენ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, რომ არ მისცემდნენ საშუალებას ახლად არჩეულ პარლამენტს, რომ შეკრებილიყო. ვხედავთ, რომ ერთია მათი განცხადებები და მეორეა რეალობა“, – აღნიშნა მიქანაძემ.