„მინდა ადამიანები უკეთ ხედავდნენ ერთმანეთის გულებს“ …  

სასულიერო სემინარიის  ხატწერის ფაკულტეტის სტუდენტია. ამბობს, რომ ხატვა  მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
„არასდროს მეხერხებოდა გადახატვა, ერთი ერთში გადმოტანა რეალისტურად, ეს არ არის  ჩემი სტილი, მე მხოლოდ საკუთარი წარმოსახვით და ფანტაზიით გადმოვცემ იმას, რასაც შინაგანად განვიცდი, რაც მტკივა და რაც მაბედნიერებს. ემოციური ფონი ჩემთვის უმთავრესია.
ფერს რაც შეეხება, ვფიქრობ, ფერით ხატვა – ეს არის თავისუფლად ფრენა იმ  სივრცეში, რომელსაც თავად ქმნის მხატვარი. ვერ ვიტყოდი, რომ  დიდი გამოცდილება მაქვს, არც მაინცდამაინც ბევრი ნახატი მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ჯერ დრო წინ მაქვს და მომავალში უამრავ ნახატს შევქმნი იმ იდეებისგან, რომლებიც ჩემს გონებაში იღვენთება ყოველდღიურად“. – თეკლე გელაშვილის პერსონა.

– მყავს მამა და სამი ძმა, დედა,15 წლის რომ ვხდებოდი, მაშინ გარდამეცვალა. უამრავი ტკივილი ვნახე და გავიაზრე, რამაც ბევრისგან  განსხვავებულ პიროვნებად ჩამომაყალიბა.
–  ძმაც მხატვარია…  პირველი ნახატები…
–  ხატვა ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,ზუსტად არ მახსოვს, პირველად რა დავხატე, მაგრამ ჩემს გონებაში დარჩა ნახატი, სადაც ჩემი ოჯახია გამოსახული, და ჩემი ძაღლის ნახატი, რომლის გაუჩინარებაც ძალიან განვიცადე.
– სასულიერო სემინარიაში სწავლობთ…
– სასულიერო სემინარიაში ხატწერის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ეს სფერო იმიტომ ავირჩიე, რომ ვფიქრობ, მხატვრობაში უმთავრესია სულიერების, უფრო ღრმა შინაარსის გადმოცემა პიროვნებაში, და არა მატერიალურობის, რაც ხატწერის უმთავრესი პრინციპია. მინდოდა შემესწავლა წმინდანთა გამოსახვა და ამით სულიერ სამყაროში შეღწევა, რაც მართლაც საოცარი გრძნობაა.
როდის ხატავთ? შთაგონებას რა გაძლევთ?
– ალბათ მაშინ ვხატავ, როცა სიტყვებით ვერ გადმოვცემ გულის სათქმელს, შთაგონებას მაძლევენ ადამიანები, ახლობლები, ცხოველები, ბუნება და ყველაფერი ირგვლივ, რაც საინტერესოა ჩემს თვალში.
–  საინტერესო ისტორია…
– ჩემი ერთ-ერთი ნახატი – სადაც დედა-შვილი არის გამოსახული, დავხატე გამოფენისთვის, რამაც ხალხის დიდი ემოცია გამოიწვია.  ვფიქრობ, ბევრს დაამახსოვრდა. არ ველოდი, თუმცა ვფიქრობ, მალე გავყიდი კიდეც, ეს იქნება პირველი ნახატი, რომელსაც გავყიდი.
– როგორ უხამებთ ფერებს? საყვარელი ფერი…
– ფერებს ვუხამებ განწყობის მიხედვით. წინასწარ არ ვგეგმავ, რა ფერს დავადებ, ყველა ფერი საჭირო და ლამაზია, თუმცა ვფიქრობ, იისფერი მაინც ჩემი ფერია….
–  მხატვრები?..
– ბევრ მხატვარს ვაფასებ და მინდა მათ დონეს მივაღწიო ოდესმე, გამოვარჩევდი – ფრიდა კალოს, რადგან მის ნახატებში მისი სული და ტკივილებია ჩაქსოვილი. ის ხატავდა საკუთარ თავს, ვფიქრობ, ყველა მხატვარი საკუთარ თავს გადმოსცემს თითოეულ ნახატში.
– ჰობი…
–  ვუკრავ გიტარაზე, ვქმნი საკუთარ სიმღერებს და სხვადასხვა ჩანაწერს, დავდივარ ბალეტზე, ასევე მიყვარს ცხოველებთან ურთიერთობა.
– ამჟამად რას ხატავთ?
–   ვხატავ გოგონას, რომელიც ბუნებაში ზის და გიტარას უკრავს,ზემოდან კი ცა დასტირის, თუმცა არ ვიცი, როგორ და როდის დავასრულებ.
–  წარმოსახვით ხატავთ…
– წარმოსახვა თავისით მოდის, უბრალოდ შესაძლოა, რაღაც ემოცია განიცადო და გაჩნდეს იდეა, რომელიც თავადაც გიკვირს, რომ შენში დაიბადა.
– სამომავლო გეგმები…
– ზუსტად არ ვიცი, მომავალში რას ვიზამ, თუმცა მინდა გავაგრძელო ხატვა და ის ყველა საქმე, რაც მიყვარს და მაბედნიერებს. იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ, ხალხს გავუზიარო ჩემი ყველა შემოქმედება და მინდა ადამიანები უკეთ ხედავდნენ ერთმანეთის გულებს.

                                                                                     

                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები