ოკუპირებულ აფხაზეთში ტელერადიოკომპანიის შენობის დაკავება სცადეს – იყო სროლა
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ადამიანთა ჯგუფმა “აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის” შენობის დაკავება სცადა, დაცვამ ისინი გამაფრთხილებელი სროლებით გააძევა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„2024 წლის 18 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობასთან ინციდენტი მოხდა. ადამიანების ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენენ, ტელეკომპანიის ტერიტორიას მიუახლოვდა მაუწყებლობაზე კონტროლის დამყარების მიზნით“, – აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დაცვის თანამშრომლები იძულებული იყვნენ, გამაფრთხილებელი გასროლა განეხორციელებინათ.
„ამ ქმედებებმა შესაძლებელი გახადა სიტუაციის სტაბილიზაცია და კონფლიქტის განვითარების პრევენცია“, – აღნიშნულია ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.
პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.
“პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის”,- განაცხადა “ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თემურ გულიამ.