„ვანო მაჩაბელი − გზა ევროპისკენ“ – მწერალთა სახლში ალბომი წარადგინეს
15 ნოემბერს მწერალთა სახლში გაიმართა ალბომის „ვანო მაჩაბელი − გზა ევროპისკენ“ წარდგენა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, საღამოს მოდერაციას უწევდა ალბომის შემდგენელი თამარ ხიზანიშვილი.
„ალბომი „ივანე მაჩაბელი − გზა ევროპისკენ“ ბევრი უნიკალური მასალითაა წარმოდგენილი – წერილები, ფოტოსურათები; მიმოხილულია ივანე მაჩაბლის ცხოვრების ყველაზე საკვანძო ეტაპები – ბიოგრაფიული ცნობები, მისი საზოგადო მოღვაწეობა, მისი ურთიერთობა იმ დიდ ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, რომლებმაც დააფასეს ივანე მაჩაბელი საკუთარი არაორდინარული, ფართო ცოდნით, განათლებითა და პროგრესული აზროვნებით“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ალბომი ვანო მაჩაბლის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოიცა.
ალბომზე მუშაობდნენ: გიული ჩოხელი, სოფო მაისურაძე, რედაქტორი თამარ ჩერქეზიშვილი, შემდგენელი – თამარ ხიზანიშვილი, დიზაინერი – დალი ჯვარშეიშვილი.
ალბომისთვის მასალები ავტორებს მიაწოდეს: გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ივ. მაჩაბლის მუზეუმმა, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმმა. ალბომში ასევე გამოყენებულია მასალა ვახტანგ ჭელიძის მონოგრაფიიდან „ივანე მაჩაბელი“.
პრეზენტაციაზე ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის პოეტი მზია ხეთაგური სიგელით დაჯილდოვდა.
სიტყვით გამოვიდნენ: სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევი, მწერლები, პოეტები, მეცნიერები: მზია ხეთაგური, ციცინო ბაბუციძე, თამარ შაიშმელაშვილი, მარიკა ჯიქია, რობერტ ოდიკაძე და სხვ.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა „ნართებმა“.
საღამოს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ექსპონატები მაჩაბლის მუზეუმიდან, რომელიც სოფელ წეროვანში მდებარეობს.