ზურა კიწმარიშვილი გამოძიების მასალებს გაეცნო – ვისი ჩვენება აღმოჩნდა მისთვის ყველაზე საინტერესო?

  გარდაცვლილი ბიზნესმენის ეროსი კიწმარიშვილის ძმა გამოძიების მასალებს გაეცნო და მთავარი პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც „კვირას“ ზურა კიწმარიშვილმა განუცხადა, იგი გამოძიების მასალებში სხვადასხვა პირების დაკითხვის ოქმებს გაეცნო. მისი თქმით, მასთან ერთად გამოძიების მასალებს ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ესწრებოდნენ.
„გამოძიების მასალებს ჩემთან ერთად ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაეიშვილიც გაეცნენ. მე პირადად დაკითხვის ოქმებს ვეცნობოდი, ადვოკატი და მაია ნიკოლაიშვილი საქმის სხვა მასალებს ეცნობოდნენ. ჩემთვის, საინტერესო იყო იმ პირთა დაკითხვის ოქმები, რომლებსაც ეროსის სიცოცხლის ბოლოს ურთიერთობა ჰქონდათ. ამასთან, მე გავეცანი ჩემი ძმის მეზობლების ჩვენებებს, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ, იმ დღეს ავტოფარეხში აღმოჩნდნენ. საინტერსო იყო ჩემთვის ერთ-ერთი პირის ჩვენება, რომელსაც გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე ვერ გავახმაურებ, და თუ რატომ ამასაც საიდუმლოდ დავიტოვებ“, – აღნიშნა ზურა კიწმარიშვილმა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც, იგი ჩვენებებს გაეცნო, გამოძიების თავდაპირველი ვერსია თვითმკვლელობის შესახებ კატეგორიულად გამორიცხა.
„მე თავიდანვე გამოვრიცხე თვითმკვლელობის ვერსია, თუმნდაც იმ მოტივით, რომ კარგად ვიცნობდი ჩემი ძმის ფსიქოლოგიას და მის ბოლოდროინდელ საქმიანობას. მას უამრავი გეგმა ჰქონდა. მე ჩემი ეჭვი მაქვს, და ეჭვი უკავშირდება ეროსის ბიზნესსაქმიანობას და პოლიტიკურ გააქტიურებას, თუმცა ამ ეტაპზე არც გამოძიებას და არც მე ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება. ფაქტია, რომ ეროსი მოკლეს… ვიღაცას არ მოსწონდა მისი პოლიტიკური აქტიურობა“, – აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.
მისი თქმით, მთავარი პროკურატურა უახლოეს მომავალში აპირებს გაასაჯაროს გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და სხვადასხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული დასკვნები. გარდაცვლილი ადვოკატის ძმა კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ საგამოძიებო ნაწილი მასთან ერთად მჭირდოდ თანამშრომლობს. მისი თქმით, პროკურატურის გამომძიებლები დაინტერესებულები არიან, რომ დანაშაული გაიხსნას და დადგინდეს სიმართლე.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 15 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილი თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გამოძიება ამ დრომდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები