სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები უტარდება ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ მრავალბინიან კორპუსებს. თანამედროვე ენერგოეფექტური მასალით შეიფუთება ამორტიზებული კედლები, შეიცვლება კარ-ფანჯრები. პარალელურად, ფასადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ბათუ კრავეიშვილის და რუსთაველის ქუჩების კორპუსებზე, ასევე თამარ მეფის ქუჩაზე N 12 მრავალბინიან კორპუსზე.

„სამუშაოების დასრულების შემდგომ სრულიად ახალი იერსახე მიეცემა უბნებს, რომლის მცხოვრებლების განცხადებით, მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებში ათეული წელია არანაირი სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა.

ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

გარდა აღნიშნული პროექტისა, ქალაქის ტერიტორიაზე უკვე  განხორციელდა ლაშა თევზაძის და თამარ მეფის ქუჩებზე არსებული კორპუსების რეაბილიტაცია, რამაც ადგილობრივებისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ერთად ქალაქის იერსახეც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

როგორც მერმა განმარტა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად გაგრძელდება მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია და ისეთი პროექტები, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად შეცვლის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები