ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად, სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია და თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
,,დღეს პროფესიული დღე მივულოცეთ სახელმწიფო სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. სამსახურის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად, შევხვდით დარგის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მადლიერება მათი პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის. 32 წლის განმავლობაში სამსახური მნიშვნელოვნად გაძლიერდა და დღეს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მინდა პროფესიული დღე განსაკუთრებით მივულოცო სამსახურის აჭარის სამმართველოს. ვუსურვო წარმატება, მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის სამსახურში კიდევ უფრო მეტი წინსვლა” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში წარმატებული თანამშრომლები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.