პროკურორი – თენგო თევზაძეზე: არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულება და ფაქტები არ დაუსახელებია
მოლოდინი გვქონდა, რომ აღნიშნული მოწმე მნიშვნელოვან მტკიცებულებებს მოგვაწვდიდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პროკურორმა, ქეთი ჩაჩავამ საგამოძიებო უწყებაში კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თევზაძეს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულება და ფაქტები არ დაუსახელებია.
„მოლოდინი გვქონდა, რომ აღნიშნული მოწმე მნიშვნელოვან მტკიცებულებებს მოგვაწვდიდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, თუმცა ის შემოიფარგლა ძირითადად მის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაკეთებული განცხადებებით. მას რამე კონკრეტული მტკიცებულება, კონკრეტული სახელები და გვარები და ფაქტები არ დაუსახელებია. მოწმის განცხადებით, მტკიცებულებების შეგროვების პროცესშია და როცა მტკიცებულებების შეგროვებას დაასრულებს, შემდეგ მოგვაწვდის ამ მტკიცებულებებს“, – აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დღეს კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი, თენგო თევზაძე გამოიკითხა.