სკანდალი: რატომ არ უნდოდა სააკაშვილს ცხინვალიდან ქართველი სამხედროების ცხედრების გამოტანა?
რას იხსენებს გენერალი ბორისოვი აგვისტოს ომის შესახებ და რა უნდოდა თემურ ალასანიას მის ავტომანქანაში
გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი პორტალ „კვირასთან“ 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებს იხსენებს. გენერალი კონკრეტულად უშიშროების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის კახა ლომაიასა და უმცირესობის დეპუტატის გივი თარგამაძის გვარებს ასახელებს და აცხადებს, რომ მათ ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისა და ტყვეების ქართული მხარისთვის გადმოსაცემად არაფერი გააკეთეს.
ბორისოვი იხსენებს, რომ ამ საქმის ორგანიზებისთვის მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ეს ორი პირი გააგზავნა. როგორც რუსი გენერალი აცხადებს, ქართული მხარისთვის ჯარისკაცების ცხედრების გადმოცემა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს და, უშუალოდ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჩარევითა და ძალისხმევით მოხდა.
„როდესაც ქართულმა მხარემ მხოლოდ 5 ტყვე გადასცა რუსეთს, ამას მოჰყვა ჩვენი მოთხოვნა, ყველა დაკავებულის, გარდაცვლილის და დაჭრილის გადმოცემის შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა ამ საქმის ორგანიზება მთხოვა და ამაში ქართველი მაღალჩინოსნებიც ჩარია. ამ მიზნით გორში ჩემთან შესახვედრად ალექსანდრე ლომაია და გივი თარგამაძე ჩამოვიდნენ. ლომაიას რაც შეეხება, იგი არც სიტყვის კაცია, არც საქმის, უბრალოდ, მშიშარა ადამიანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა. ის არ გვეხმარებოდა არც გარდაცვლილების და არც დაჭრილების გადაცემაში, ის მხოლოდ და მხოლოდ ტყვიაგაუმტარი ჟილეტით დარბოდა. ეშინოდა, რომ არავის არაფერი დაეშავებინა მისთვის და არავის გაეტაცებინა. ვის რაში სჭირდებოდა ლომაია! ჩახტა პირველივე მანქანაში და იქაურობა დატოვა. არაფრის ორგანიზებაში მას წვლილი არ შეუტანია. გივი თარგამაძე კი სააკაშვილის მიერ დაკისრებულ მისიას ასრულებდა და პირადად იყო ჩართული გარდაცვლილებისა და ტყვეების დროულად დაბრუნების მოლაპარაკებებში“, – განაცხადა გენერალმა ვიაჩესლავ ბორისოვმა „კვირასთან“ საუბრისას.
ბორისოვისა და კახა ლომაიას შეხვედრას “კვირასთან“ იხსენებს შეხვედრის თვითმხილველი, გორის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ტარიელ თოდაძე. როგორც თოდაძე “კვირასთან“ინტერვიუში აცხადებს, ლომაიას და ბორისოვის შეხვედრა 14 აგვისტოს, დილის საათებში, გორის ცენტრში შედგა. მისი თქმით, ბორისოვის მანქანაში მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიაც იმყოფებოდა. თოდაძე ბორისოვისა და ლომაიას შორის საუბარსაც იხსენებს და ყვება, რომ ბორისოვმა ლომაიას კითხვით მიმართა, თუ რატომ არ აკეთებდა არაფერს ქართული მხარე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების ცხინვალის ტერიტორიიდან გამოსატანად.
“ლომაია რომ მოვიდა, რამდენიმე წუთში მოვიდა ბორისოვიც, მის მანქანაში რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიაც იმყოფებოდა. ბორისოვი და ლომაია ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ბორისოვმა პირდაპირ მიმართა მას: ბოლო-ბოლო ქრისტიანები არ ხართ, ორი დღეა გირეკავთ და და რატომ არ მოდიხარ, თქვენი ჯარისკაცების გვამები ცხინვალში უპატრონოდაა მიყრილი, გვამებს ძაღლები და ღორები სჭამენ, ყარს იქაურობაო. მე ეს რომ მოვისმინე, თავი ვეღარ შევიკავე და ლომაიას საცემად გავიწიე, თუმცა იქ მყოფებმა შემაკავეს. შემდეგ ლომაია მანქანაში ჩაჯდა. ბორისოვი მომიტრიალდა და ქართულად მითხრა: კარგი, ბიჭო, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო, – მე მას ვუთხარი, ნება მოეცათ, რომ მე ჩემი ძალებით მომეხერხებინა ჩვენი სამხედროების ცხედრების გამოტანა ცხინვალიდან“, – განუცხადა “კვირას“ ტარიელ თოდაძემ.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=ueae-pYvblU&hd=1″ width=”560″ height=”315″]
ცირა შერგელაშვილი