ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ეროვნული არქივის მულტიმედიური გამოფენა

1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა მწერალი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი ილია ჭავჭავაძე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მულტიმედიური გამოფენა გამორჩეული მოღვაწის შესახებ: https://archive.gov.ge/ge/ilia-chavchavadze-1
გვერდზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში ილიას შესახებ დაცული ფოტოები, წერილობითი დოკუმენტები, ავტოგრაფები, პუბლიკაციები, ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები და მოგონებები ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ. დოკუმენტები ასახავს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ, პუბლიცისტურ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოღვაწეობას.
„გამორჩეულია ილიას როლი XIX საუკუნის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმართვაში. „თერგდალეულების“ ლიტერატურული მიმდინარეობა სწორედ ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ შეიქმნა. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, პერიოდული გამოცემები „საქართველოს მოამბე“ და „ივერია“, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. მისი ღვაწლი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხო.
ქართულ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმის ჟანრის ერთ-ერთ შემქმნელსა და გამორჩეულ ავტორს ეკუთვნის: „კაცია-ადამიანი?!“ (1858), „ქართვლის დედა“ (1871), „აჩრდილი“ (1872), „მგზავრის წერილები“ (1871), „გლახის ნაამბობი“ (1872), „განდეგილი“ (1883), „ოთარაანთ ქვრივი“ (1887)“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები