მირზა გოჩუაძის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს

  დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის მირზა გოჩუაძის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. გარდაცვლილის სახლთან მისი მეგობრები და ნათესავები არიან შეკრებილი.
როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, გამოძიება ობიექტურად უნდა ჩატარდეს და დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
21 წლის მირზა გოჩუაძე საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. როგორც ექიმი- რეანიმატოლოგი ირმა მესხი აცხადებს, გარდაცვლილს თავში გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული.
„პაციენტს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია მძიმე ტრავმა, ჰემორაგიული შოკი. პაციენტი შემოსვლისას დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა“, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა.
“ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციელი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები