დავით ზურაბიშვილი: გამამართლებელი განაჩენებით ახალაია გინესის წიგნშია შესატანი

   „ჩვენი სირცხვილია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი წელიწად ნახევარია წინასწარ პატიმრობაშია. ახალაიამ ამ ხნის განმავლობაში გამამამრთლებელი განაჩენებით უკვე მსოფლიო რეკორდი მოხსნა“, – აღნიშნული განცხადება, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა დღეს საინფორმაციო-ანალიტიკურ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ზურაბიშვილის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ ევროსაბჭო სხვა საკითხებზე გამოთქმულ შენიშვნებთან ერთად აღნიშნულ საქმეზეც დააფიქსირებდა თავის პოზიციას.
საკრებულოს წევრის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში აღნიშნულია ხელისუფლების მიღწევებიც, თუმცა ჯამში მისი გაცხადებით, რეზოლუცია საქართველოსთვის ნეგატიურია.
„ევროსაბჭოს რეზოლუცია ჩვენთვის ნეგატიურია, ბევრი პოზიტიურიცაა აღნიშნული, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება კრიტიკას ექცევა. ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. დემოკრატიის თვალსაზრისით, დღეს უკეთესი ვითარებაა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო, მაგრამ, მაშინ ევროსაბჭო ხშირად ასეთი კატეგორიული არ იყო, როგორიც დღეს არის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი წელიწადნახევარი რომ წინასწარ პატიმრობაში გყავს, ბოლოს და ბოლოს, რაღაცას გეტყვიან. ერთხელ არ გითხრეს, ორჯერ არ გითხრეს და ხომ უნდა იფიქრო ამაზეც. ახალაია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით მსოფლიო რეკორდებს ხსნის და გინესის რეკორდებშია შესატანი. ამდენი გამამართლებელი განაჩენი ერთ ადამიანზე არასდროს დამდგარა. ეს ჩვენი სირცხვილია”, – აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით, ხელისუფლებას უნდა თუ არა, ევროსაბჭოს რეზოლუციას ყურადღება უნდა მიაქციოს.
„ისეთმა სოლიდურმა ხალხმა თქვა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციიის შესრულება არ არის სავალდებულო, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. იურიდიულად ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ ამ ლოგიკით რუსეთსაც შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციები აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე სავალდებულო არ არის და ფეხებზე მკიდიაო. ევროსაბჭოს წევრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს პოზიცია“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტში მოხვდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, ასევე მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა.
როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა მიესალმება საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, რომელიც მიუხედავად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო გარემოსი, დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იყო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას თან სდევდა პოლარიზებული და ანტაგონისტური პოლიტიკური კლიმატი, განსაკუთრებით მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “ქართული ოცნების” კოალიციური მთავრობის კოჰაბიტაციის პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები