გია ვოლსკი: ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე
ყველანაირად დასტურდება, რომ არჩევნებში არანაირი გაყალბება არ მომხდარა,-ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.
„შეიძლება ცალკეული გადაცდომები არსებობდა, რასაც, რასაკვირველია, არჩევნების შედეგებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მცდელობაა, როგორმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელსა და აქციის მონაწილეს შორის ისეთი შეჯახება მოხდეს, რაც დესტრუქციულ სუბიექტებს საშუალებას მისცემს, რომ დაპირისპირება საერთაშორისო ფორმატებში გადაიტანონ. მათი აზრით, აქ გარკვეული მხარდაჭერა ექნებათ და დაუბრუნდებიან გეგმას, რასაც რევოლუციის გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქვია. ეს არის მათი ამოცანა და ფორმულა. ჩვენი ვალია, აქციებში მონაწილე ახალგაზრდები გავაფრთხილოთ – მათი მცდელობა, რაღაც უსამართლობას წინააღმდეგობა გაუწიონ, შეიძლება გულწრფელი იყოს, მაგრამ უსამართლობა არ მომხდარა და არჩევნები დასრულდა იმ შედეგით, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არის მხარდაჭერილი.
ყველანაირი უზნეობის, უტიფრობისა და უმსგავსობის დაშვებას ველოდები. ვერავინ იტყვის, რას მოიგონებენ და რა გზით გააგრძელებენ აქტივობას ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები. ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“,- განაცხადა ვოლსკიმ.