გიორგი ვოლსკი: ყველანაირი უმსგავსობის დაშვებას ველოდები – ვერავინ იტყვის, რას მოიგონებენ და რა გზით გააგრძელებენ აქტივობას ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები

“ყველანაირი უზნეობის, უტიფრობისა და უმსგავსობის დაშვებას ველოდები. ვერავინ იტყვის, რას მოიგონებენ და რა გზით გააგრძელებენ აქტივობას ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არჩევნები დასრულდა იმ შედეგით, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და რაც მხარდაჭერილია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ.

„შეიძლება ცალკეული გადაცდომები არსებობდა, რასაც რა საკვირველია, არჩევნების შედეგებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია. გამომდინარე აქედან, არის მცდელობა იმისა, როგორმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელსა და აქციის მონაწილეს შორის ისეთი შეჯახება მოხდეს, რაც დესტრუქციულ სუბიექტებს იმის საშუალებას მისცემს, დაპირისპირება საერთაშორისო ფორმატებში გადაიტანონ. მათი აზრით, მათ აქ გარკვეული მხარდაჭერა ექნებათ და დაუბრუნდებიან გეგმას, რასაც რევოლუციის გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქვია. ეს არის მათი ამოცანა და ფორმულა.

ჩვენი ვალია აქციებში მონაწილე ახალგაზრდები გავაფრთხილოთ: მათი მცდელობა, რაღაც უსამართლობას წინააღმდეგობა გაუწიონ, შეიძლება გულწრფელი იყოს, მაგრამ უსამართლობა არ მომხდარა და არჩევნები დასრულდა იმ შედეგით, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და რაც მხარდაჭერილია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები