პაკისტანში ჩინეთის ორი მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
პაკისტანში სროლის შედეგად, ჩინეთის ორი მოქალაქე დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მოხდა. პოლიციის უფროსმა, ფაიზან ალიმ განუცხადა როიტერს, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ესროლეს, მაგრამ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.
პოლიციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს ანონიმურად განუცხადა, რომ სროლა დაცვის თანამშრომელმა განახორციელა. სამხრეთ საპორტო ქალაქის Liaquat-ის ეროვნული საავადმყოფოს სპიკერმა თქვა, რომ მკურნალობას გადის ორი დაზარალებული, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
ცნობისთვის, გასულ თვეში კარაჩის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად აფეთქებას ჩინეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.