ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელი ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში დევნის ოპერაციისას გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, თუმცა მას შესაბამისი უწყებების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა.
„მინდა, მივუსამძიმრო იმ ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ. ეს პოლიციელი დაკავებულია და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა.
“ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციელი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები