“პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად არგუმენტს რომ ვეღარ პოულობენ, ეჭიდებიან ხავსს, რაც აჩვენებს, ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან რამხელა თაღლითობასთან გვაქვს საქმე” – პაპუაშვილი

“თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად არგუმენტს რომ ვეღარ პოულობენ, ეჭიდებიან ხავსს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა თაღლითობასთან გვაქვს საქმე ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილმა საუბრისას რამდენიმე ქვეყნის მაგალითიც მოიყვანა.

„ხმის მიცემის ფარულობის საკითხზე ისტერია ატეხა ერთმა კონკრეტულმა „ენჯეომ“ – ამომრჩეველთა მობილიზება და მაღალი მხარდაჭერის მიზეზებთან დაკავშირებით არსებული კონსპირაციები. ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მთვლელების მეთოდით აქამდე ჩატარდა ექვსი არჩევნები. 2021 წლიდან მოყოლებული, არცერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია ფარულობასთან დაკავშირებით, არც ამ არჩევნებზე არ ჰქონია პრეტენზია ბიულეტენთან და ე.წ. მელანთან დაკავშირებით. ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს ეს, როგორც საბაბი დაამტკიცებენ, რომ ფარულობა დარღვეულია.

ვნახოთ, რა ხდება საერთაშორისო პრაქტიკაში. გაცნობებთ, რომ პოლონეთში ბიულეტენებით ხდება კენჭისყრა – გამჭვირვალე ყუთები, ბიულეტენები კონვერტშიც კი არ თავსდება. ჩვენთან ყუთში მოთავსებამდე ბიულეტენების კონვერტში თავსდება, ელექტრონულის შემთხვევაში კი თავსდება შესაბამის, საქაღალდეს ტიპის კონვერტში. პოლონეთში თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩანს კიდეც, ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი. ანუ, „საიას“ რა უნდა თქვას, რომ პოლონეთში ფარულობაა დარღვეული და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაუქმდეს?

ბულგარეთის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები – აქაც გამჭვირვალე ყუთი, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ჩანს პარტიის ნომრები და ამომრჩევლის არჩევანი. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მისი დამფინანსებელი, ევროკავშირის წევრი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?

სულ ახლახან, ერთი კვირის წინ იყო ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები. ნახევრად გამჭვირვალე ყუთი არის, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ხედავთ, როგორ ჩანს, ვინ ჰყავს არჩეული ლიეტუველ ამომრჩეველს;

გუშინ შედგა არჩევნები მოლდოვაში, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა და ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები არ თავსდება კონვერტში. პირდაპირ ჩანს, ვინაა მონიშნული ამომრჩევლის მხრიდან.

ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა თაღლითობასთან გვაქვს საქმე ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან. თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ვერცერთ არგუმენტს როდესაც ვეღარ პოულობენ, ეჭიდებიან ხავსს, რომელიც, დიდი ხანია, ქართველ ხალხს დანახული აქვს“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები