კახა კალაძე “თავისუფალი ზონის” წევრებისგან მათსავე ლიდერებზე თავდასხმას არ გამორიცხავს

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა სურს “ნაციონალური მოძრაობაა“. – ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას, ბოლო პერიოდში “თავისუფალი ზონის“ წევრებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.
კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ “თავისუფალი ზონის“ წევრები თავს მათსავე ლიდერებს დაესხნენ და შემდეგ მსგავს ინციდენტებს ხელისუფლების დაკვეთა უწოდონ. “რეალურად, რომ შევხედოთ სიტუაციას, დღეს არსებობს ერთადერთი ძალა, რომელსაც აწყობს ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია ეს არის “ნაციონალური მოძრაობა “ და მათ დაქვემდებარებაში მყოფი დესტრუქციული ძალა “თავისუფალი ზონა“. ჩვენ თუ გავიხსენებთ გუშინდელ აქციას და დავაკვირდებით საიდან იყო ეს ყველაფერი… “თავისუფალი ზონის” წევრები თავს დაესხნენ “ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის საპასუხოდ გამოვიდა ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ხომ წარმოგიდგენიათ ასეთი თავდასხმა, რომ მომხდარიყო სხვა რომელიმე, თუნდაც “რუსთავი 2“-ის ჟურნალიტსზე. მაშინვე ასეთ შემთხვევას პოლიტიკურად შეფუთავდნენ და აქცენტები გაკეთდებოდა, რომ ეს იყო ხელისუფლების დაკვეთილი. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ “თავისუფალი ზონის“ წევრებმა ასეთი თავდასხმები მომავალშიც გააგრძელონ, თავს დაესხნენ თავიანთ ლიდერებს, რათა შემდგომში მიზანმიმართულად იქნეს შეფუთული, რომ თითქოსდა ეს თავდასხმები ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები