“თავად ბატონი მილერიც კი ზურაბიშვილს მოუწოდებს – ახლა მიბრძანდი და პროკურატურაში მიიტანე მტკიცებულებები, რადგან გაჰკიოდი, რომ გაყალბდა არჩევნებიო“ – მაჭარაშვილი
“თავად ბატონი მილერიც კი რომელიც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივრობდა ოპოზიციას და ზურაბიშვილს, აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ზურაბიშვილს მოუწოდებს – ახლა მიბრძანდი და პროკურატურაში მიიტანე მტკიცებულებები, რადგან გაჰკიოდი, რომ გაყალბდა არჩევნებიო,“ – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ზურაბიშვილს პროკურატურის ეშინია.
“ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რომ ზურაბიშვილი და ოპოზიცია ითხოვდა – გამოეძიებინა საზოგადოებას, პროკურატურას, რომ გაყალბდა თურმე ასიათასობით ხმა. ამას გამოეხმაურნენ, მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორები. თავად ბატონი მილერიც კი, რომელიც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივრობდა ოპოზიციას და ზურაბიშვილს, აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ზურაბიშვილს მოუწოდებს – ახლა მიბრძანდი და პროკურატურაში მიიტანე მტკიცებულებები, რადგან გაჰკიოდი, რომ გაყალბდა არჩევნებიო.
პროკურატურის შეეშინდა, რადგან იქ ხომ ვერ მივიდოდა და ვერ იტყოდა, რომ: “მე აღქმა მაქვს ასეთი, რომ გაყალბდა“, “თენგო გეტყვით“, “რწმენა მაქვს ასეთი“ – პროკურატურაში ეს მტკიცებულებად არ გამოდგებოდა. ამიტომაც, ვერ მივიდა და არ აპირებს მისვლას ზურაბიშვილი. კარგია ეს, რადგან საზოგადოება დაინახავს, რომ აბსოლუტურად არასერიოზული და დამცინავია ზურაბიშვილის ეს ახირება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.