გიგი უგულავა განცხადებას ავრცელებს

 

   დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
უგულავას შეფასებით, აღნიშნული რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დევნა მიმდინარეობს.
დედაქალაქის ყოფილი მერი საქართველოს ექს და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს მიმართავს და აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ განაგრძობენ სირაქლემას პოზიციაში ყოფნას. “უკვე არაერთმა საერთაშორისო ინსტანციამ აღიარა, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომ საქართველოში არის შერჩევითი მართლმსაჯულება, პროკურატურა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული და ყველა სისხლის სამართლის საქმე უკიდურესად პოლიტიზირებულია. ყველაფერი ეს კი საზოგადოების პოლარიზებას იწვევს. ეს ნათლად ჩანს ევროპის საბჭოს ბოლო რეზოლუციაშიც. მიუხედავად იმისა, ეს რეზოლუცია ამ საქმეს დაერთვება თუ არა მტკიცებულებად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ამ ყველაფრის გათვალისწინება.
მინდა მივმართო რეზოლუციის მთავარ ადრესატებს, საქართველოს დღევანდელ მთავრობას და ამ მთავრობის მთავარ მენტორ ივანიშვილს: ჩვენს ბავშვობაში არსებობდა გამონათქვამი , „როცა ყველა გეუბნება, რომ ჩაიდანი ხარ, ბოლი უნდა გამოუშვა.“ დღეს მთელი მსოფლიო ბატონ ივანიშვილს და ბატონ ღარიბაშვილს ეუბნება, რომ საქართველო მიდის უკან, რომ იმ ქმედებებმა, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოჰყვა, საქართველოსთვის უკიდურესად სახიფათო ფორმა მიიღო. ბოლო 2 დღის განმავლობაში ვისმენდი შეფასებებს ევროპის საბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ განაგრძობენ სირაქლემას პოზიციაში ყოფნას. მართალია და ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტში საუბარია გარკვეულ პოზიტიურ მიღწევებზე, რომელიც შეეძლო ამ ხელისუფლებას ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიეწოდებინა, როგორც დადებითი მოვლენა. კერძოდ, მთავარი აქ სხვა ფაქტორია : ყველა ის ინიციატივა და რეფორმა, რომელიც მათ წამოიწყეს, ან შუა გზაზეა მიტოვებული ან სწორედ იმიტომ, რომ შუღლის და შურისძიების გაღვივება ხდება, ბოლომდე ვერც ერთი მათგანი ვერ მივიდა. საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ამ ხელისუფლებამ წამოიწყო და ამისთვის ნამდვილად შექებულია, მაგრამ ამავდროულად დოკუმენტში ნათქვამია, რომ როდესაც ახალი იუსტიციის საბჭო დაკომპლექტდება, იმიტომ რომ არ სურდათ ამ საბჭოში ოპოზიციის წევრები ეხილათ, ხელისუფლების ნება-სურვილით არ აირჩიეს იუსტიციის საბჭოში უმცირესობის წარმომადგენელი. კი ბატონო, შემოვიდა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესი, მაგრამ ამავდროულად დაწესდა 3 წლიანი ერთგვარი გამოსაცდელი პერიოდი. ყველამ კარგად ვიცით, რისთვისაც არის გამოყენებული 3 წლიანი პერიოდი, რომ მათთვის „სასურველ“ საქმეებზე მოხდეს სასამართლოზე ზეწოლა. და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში ეს წარმატებითაც ხორციელდება. კი ბატონო, შემცირდა წინასწარი პატიმრობის გამოყენება, მაგრამ საქართველომ რეკორდი დაამყარა იმ აბსურდში, რომ შეიძლება 2 წელი ადამიანი იყოს წინასწარ პატიმრობაში და არ ჰქონდეს მისჯილი სასამართლოს მიერ. ამ ხელისუფლების ყველა წამოწყება, რომელიც კი შეიძლება „გასაღებული“ ყოფილიყო როგორც რეფორმა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ტრანსფორმაციის დაუსრულებელი, არშემდგარი, მახინჯი ფორმა და არა რეალური რეფორმა, რომელიც ამ შემთხვევაში სასამართლოს სჭირდებოდა. საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ ამავდროულად აღნიშნულია, რომ არსებობს გამგებელი საქართველოში, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში, მაგრამ დღეს ის არის პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი. მარნეულის შემთხვევა მაქვს მხედველობაში. მთელმა საქართველომ იცის, რომ მისი კანდიდატურა მოხსნილი იყო საარჩევნო მარათონიდან და ის დღეს გამგებელია. რეზოლუციაში პოზიტუირ ნაბიჯად არის მიჩნეული, ის რომ გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევა ხდება, მაგრამ ამავდროულად ნათქვამია, რომ კანონითვე მიღებულია ისეთი ფორმა, რომ საკრებულოს საერთოდ მიზეზების მითითების გარეშე მერებისა და გამგებლების ადვილად გადაყენება შეუძლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ის კაუჭი რომელიც ხელისუფლებამ გამოდო -არასასურველ მერებსა და გამგებლებს მოექცეს ისე, როგორც მას სურს. საუბარია იმაზე, რომ დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა, მაგრამ ასევე საუბარია იმაზეც, რომ ეს რეფორმა შუა გზაშია გაჩერებული. ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელსაც აწარმოებს უნიათო ხელისუფლება, რომელსაც თუნდაც რომელიმე პოზიტიური წამოწყების ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია. არ შეუძლია ერთადერთი მიზეზის გამო, რომ საქართველოში დღეს არ არის ნორმალური პოლიტიკური ვითარება, საქართველოში დღეს არის შიზოფრენიამდე მისული პოლიტიკური გარემო. და კიდევ ერთი, ამ რეზოლუციიდან ამოიღებდნენ თუ არა ივანიშვილის სახელს და გვარს, რისთვისაც ასე იბრძოდა სტრასბურგში უმრავლესობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ეხება ივანიშვილს და მის მიერ წარმოებულ შურისძიებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას“-ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები