საქართველოს ენერგოსისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე „ხობი 2 ჰესი“ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია”-ს მიერ განხორციელებული პროექტი საკმაოდ მასშტაბურია – სადგურის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ს, ხოლო ელ. ენერგიის წლიური გამომუშავება დაახლოებით 200 მლნ კვტ სთ-ს შეადგენს. ამ პარამეტრებით „ხობი 2 ჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ჰესების პირველ ხუთეულში შედის. პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
„დღეს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი შევიდა ექსპლუატაციაში, 2012 წლიდან დღემდე კი საქართველოს ენერგოსისტემას 1150 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრე დაემატა, ეს დიდი მიღწევაა. 63 ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განხორციელდა, თუმცა, ამ მასშტაბის პროექტები ყოველდღე არ გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია – ჩვენი ენერგოსისტემისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ჰესის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა – ნინო ენუქიძემ და გენადი არველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების, ენერგეტიკის დარგის უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა. სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ჰესის ინფრასტრუქტურა და კომპანიის წარმომადგენლებისგან მისი მუშაობის შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ხედვაა, რომ არსებული ენერგორესურსები მაქსიმალურად იქნას ათვისებული. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები აქვს, პირველ რიგში – ჰესების მიმართულებით, რადგან ქვეყანას 26 ათასზე მეტი მთის მდინარე გააჩნია და საჭიროა ამ რესურსების ათვისება. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ კუთხით მომავალ წლებში აქტიურად იმუშავებს, ისევე, როგორც ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგოსისტემის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპასთან დაკავშირებადობის და ამ კუთხით მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობაზე.
„აბსოლუტურად რეალისტურია ჩვენი ამბიციური გეგმა – რომ შეგვიძლია არამხოლოდ გავაორმაგოთ ჩვენი დადგმული სიმძლავრე, არამედ 10,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს. ეს სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, სრულად დაეხმარება ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს და ასევე გვექნება ახალი, ენერგოტევადი დარგების განვითარების და ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის საშუალება. ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ასევე დაკავშირებადობის გაზრდაზე მეზობელ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი ფლაგმანი პროექტია – ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირების შესაძლებლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დღეს ასევე აქცენტი გაკეთდა ახალი ჰესის ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობაზე რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურული და იმ სოციალური პროექტების სახით, რომელთაც ინვესტორი კომპანია ახორციელებს. ჰესს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი შეაქვს, მშენებლობის პროცესში დასაქმდა რამდენიმე ასეული ადამიანი, დღეისთვის კი 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. ამასთან, კომპანიამ სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული პროექტების სახით უკვე დახარჯა 408, 000 ლარი, მათ შორის სოფელ მუხურის მოსახლეობას უშენებს და საჩუქრად გადასცემს თანამედროვე სპორტულ კომპლექსს.