დავით ნარმანიამ შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელობას და საქალაქო სამსახურებს დავალებები მისცა

 

სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში, დღეს თბილისის მთავრობამ შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელობის ანგარიში და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რის შემდეგაც თბილისის მერისგან დავალებები მიიღო. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერის დავალებით, შპს „ჰერმესმა“ მერიის იურიდიულ სამსახურთან ერთად, უნდა მოამზადოს მთავრობის გადაწყვეტილება სარიტუალო მომსახურებაზე ერთიანი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით. დავით ნარმანიას თქმით, დღემდე სარიტუალო მომსახურებაზე ტარიფების ნაწილს მთავრობა, ნაწილს კი „ჰერმესი“ ადგენს. მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, ამ მიმართულებით ერთიანი მიდგომა იყოს. გარდა ამისა, „ჰერმესის“ ხელმძღვანელობას სასაფლაოებთან მისასვლელი გზების კეთილმოწყობა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურს კი ამისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 10 დღის ვადაში წინადადებების წარმოდგენა დაევალა; სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად წინადადებების წარმოდგენა ერთობლივად დაევალათ: მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, „ჰერმესსა“ და „GWP“-ს; მერიის დასუფთავების სამსახურს დამატებითი ბუნკერების განთავსება დაევალა, უშუალოდ სასაფლაოების შიდა პერიმეტრიდან ნარჩენების გატანაზე კი პასუხისმგებელი „ჰერმესი“ იქნება. რაც შეეხება კლდეების ნაშალის ან სხვა სამშენებლო ტიპის ნარჩენებს, ის დროებით გამოყოფილ ტერიტორიაზე განთავსდება, ვიდრე არ გაკეთდება სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ნაგავსაყრელი, რაზეც სამომავლოდ გადასახადი დაწესდება.
გარდა ამისა, დავით ნარმანიას დავალებით, ოპერატიულად გადასაჭრელ საკითხებზე „ჰერმესმა“ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან უმეტეს შემთხვევაში დაკრძალვა გარდაცვალებიდან 3-4 დღეში ხდება და ბიუროკრატიული მანქანა ვერ უზრუნველყოფს ყველა დოკუმენტის დროულად მომზადებას. „ჰერმესთან“ ერთად ამ დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი მერიის ქონების მართვისა და სოციალური სამსახურები იქნებიან. „ჰერმესს“ ასევე დაევალა, არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით, მოამზადოს სარიტუალო სახლების პროექტი. ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, გაამკაცროს კონტროლი შემოერთებულ დასახლებებში, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც თვითნებურად ხდება ტერიტორიების მითვისება და საფლავებისთვის ადგილების აღება. იქ, სადაც უკვე ივსება სასაფლაოები, „ჰერმესმა“ და ქონების მართვის სამსახურმა ახალი ტერიტორიების გახსნაზე წინადადებები უნდა წარმოადგინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები