ზაალ ანჯაფარიძე: ამ არჩევნებმა პლურალისტური პარლამენტი მოგვცა
“ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმა პლურალისტური პარლამენტი მოგვცა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, როცა პარლამენტში, ძირითადად, 2 პარტია შედიოდა, “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება”. დღეს პლურალისტური პარლამენტი გვაქვს, 4 პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, რაც ვფიქრობ, დემოკრატიული პლურალიზმის კუთხით არც თუ ისე ცუდი მიღწევაა, თუ ამ კუთხითაც შევაფასებთ” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ანჯაფარიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაფასა.
“რაც შეეხება არჩევნების შედეგს: პირადად მე ველოდი იმას, რომ “ქართული ოცნება” უმრავლესობას მოიპოვებდა, იმიტომ, რომ მისმა წინასაარჩევნო მესიჯებმა კარგად იმუშავა, განსაკუთრებით რეგიონებში. ვგულისხმობ, მთავარ წინასაარჩევნო ლოზუნგს – არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ასევე, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ მმართველ პარტიას საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი ჰქონდა იმისათვის, რომ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. ასევე ის ფაქტორიც არის, რომ მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ჯერ კიდევ პრობლემად და გამოწვევად რჩება ის საკითხი, რომ ხელისუფლებაში შეიძლება, “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს. ეს მის საბოლოო არჩევანზე მოქმედებს კიდეც. გარდა ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ოპოზიციის შედეგები განაპირობა იმან, რომ მათი მიმართვა ამომრჩევლებისადმი, რომ ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის, ამომრჩევლების უმრავლესობისთვის მაინც და მაინც მისაღები და გასაგები არ აღმოჩნდა. კი, შეიძლება, ამან თბილისში, ან მსხვილ ქალაქებში გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ რეგიონებში, სადაც, მაგალითად, ბევრი ადამიანი თავის საქმიანობით რუსულ ბაზარზეა მიბმული, ეს ლოზუნგი მაინც და მაინც კარგად არ მუშაობდა. ოპოზიციის შედეგი განაპირობა იმანაც, რომ მათ მხარეს გამოკვეთილი ლიდერები არ ჩანდნენ, არ ჰყავდათ ძლიერი ლიდერი, რომელიც მათ საარჩევნო კამპანიას სათავეში ჩაუდგებოდა, მოსახლეობაში მაღალი ნდობით ისარგებლებდა. მათი ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვანწილად რეპუტაციაშელახულია, იმ პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარე, რაც მათ უმეტესობას მძიმე შლეიფად მოსდევს. მათ საარჩევნო სიაში ახალი სახეების შეყვანამ, ვფიქრობ, ბევრი ვერაფერი შეცვალა. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ოპოზიციური ხმების დაფანტვა მოხდა. “ნაციონალური მოძრაობა”, ფაქტობრივად, ორად გაიყო, შესაბამისად მისი ელექტორატიც ორად გაიყო. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და გვარამია-მელია- ხოშტარია-ჯაფარიძის პარტიამ ხმები ერთმანეთში გაინაწილეს. ეს ელექტორატის სეგმენტაციაა, რაც, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მთლიანად “ნაცმოძრაობისთვის” საზიანო აღმოჩნდა. გარდა ამისა, იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩეველს წარმოადგენდა, რომელიც გაბრაზებული იყო “ქართულ ოცნებაზე”, მაგრამ არ იცოდა ვისთვის მიეცა ხმა, შეიძლება, თითქოს, იძულებითი არჩევანი აღმოჩნდა გახარიას პარტია, “ლელო ” და მისი კოალიცია. ამომრჩევლის ეს სეგმენტი ამ პარტიებზე გადანაწილდა. მოგეხსენებათ, გადალახეს ბარიერი, მაგრამ არცთუ ისე მაღალი შედეგი დადეს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მათთვის წარმატებაა, რადგან ყველა გამოკითხვა იმას აჩვენებდა, რომ ეს პარტიები, შეიძლება, ბარიერს მიღმა აღმოჩენილიყვნენ.
ვფიქრობ, ამ არჩევნებმა ამომრჩევლის ერთგვარი განწყობა აჩვენა – რომ ამომრჩეველში, შეიძლება, ერთგვარი დაღლა გაჩნდა იმით , რომ ხელისუფლებაში ერთი და იგივე პოლიტიკური ძალაა. შეიძლება, ამანაც განაპირობა ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო.
გარდა ამისა, ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ ჩვენი საამომრჩევლო კულტურა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, გაიზარდა. ხალხი საკუთარ არჩევანს უფრო კრიტიკულად უდგება. პრინციპში, ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმა პლურალისტური პარლამენტი მოგვცა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, როცა პარლამენტში, ძირითადად, 2 პარტია შედიოდა, “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება”. დღეს პლურალისტური პარლამენტი გვაქვს, 4 პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, რაც ვფიქრობ, დემოკრატიული პლურალიზმის კუთხით არც თუ ისე ცუდი მიღწევაა, თუ ამ კუთხითაც შევაფასებთ.
ის, რომ ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს, ეს პრინციპში მოსალოდნელიც იყო. ჩვენ ეს არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე ვიცოდით. ოპოზიცია არ უშვებდა სხვა შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ ის ყოფილიყო გამარჯვებული. ისინი ამბობდნენ, რომ ერთობლივად უნდა გავიმარჯვოთ და კოალიციური მთავრობა შევქმნათო. სხვათა შორის, კოალიციური მთავრობის შექმნა და შემდეგ უკვე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩარევა საარჩევნო პროცესებში, რომელმაც ტექნიკური მთავრობის იდეა გამოაცხადა, რამაც რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული გაუგებრობები გამოიწვია როგორც “ქართული ქარტიის” ხელმომწერ პარტიებში, ასევე საზოგადოებაში, აღმოჩნდა ერთგვარი ფაქტორი იმისა, თუ რატომ ამჯობინა ამომრჩეველთა ნაწილმა უფრო მეტი გარკვეულობა, სიცხადე იმ გაურკვევლობას, რასაც ჰპირდებოდა ეს ერთწლიანი ტექნიკური მთავრობა, აბსოლუტურად გაურკვეველი მომავლით” – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება, პოლიტიკურად უმწიფარია.
“ეს მოთხოვნა, მე ვიტყოდი, პოლიტიკურად აბსოლუტურად უმწიფარია. ეს რას ნიშნავს – რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გვერდზე უნდა გაიწიოს და არჩევნები უცხო სახელმწიფომ ჩაატაროს? ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა, რომელსაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი არჩევნები საკუთარი რესურსებით ჩაატაროს. ეს არის, ფაქტობრივად, სახელმწიფოსთვის გამოტანილი ვერდიქტი – რომ არ აქვს დალაგებული საარჩევნო სისტემა, არ აქვს სრულყოფილი საარჩევნო დემოკრატია. ისმის კითხვა – რა ესაქმება ასეთ სახელმწიფოს ევროკავშირში? ევროკავშირში ხომ იტყვიან – იცით, რა არის, პატივცემულო ქართველებო, ჯერ თქვენი საარჩევნო სისტემა დაალაგეთ, საარჩევნო დემოკრატია გამართეთ, მერე შემოგვიარეთ და წევრობაზე განაცხადი გააკეთეთო. ეს არის საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება. მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის მიმართ. ესეც კარგი მარკერია იმისთვის თუ, რატომ არ აძლევს ხმას ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ოპოზიციას – რადგან ისინი ჩვენი ტრადიციული ღირებულებების საპირისპირო ღირებულებების მატარებლად მიაჩნია” – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.