წურწუმია და ბადურაშვილი მოსკოვში იმღერებენ – რატომ დუმს “ნაციონალური მოძრაობა”

ჯემალ ჭკუასელი – „ზოგისთვის მოსკოვში სიმღერა შეიძლება, ზოგისთვის კი ცეკვა არა“.

    ის ქართველი მომღერლები, რომლებიც ხვალ მოსკოვში პარკ „ერმიტაჟში“ „თბილისობის“ დღესასწაულზე მონაწილეობას მიიღებენ, რუსეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ. მსმენელთა წინაშე ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვლი, ჯგუფები “ფრანი” და “მეტეხი” წარდგებიან. ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი „კვირასთან“ აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და საუბრისას, გაკვირვებას ვერ მალავს. როგორც ჭკუასელი აცხადებს, „ზოგისთვის მოსკოვში სიმღერა შეიძლება, ზოგისთვის კი ცეკვა არა“. უფრო მეტიც, ჯემალ ჭკუასელი ამბობს, რომ როდესაც „ერისიონის“ მოსკოვში გასტროლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პოლიტიკური ელფერი შესძინეს, დღეს ჩუმად რატომ არიან. მისი თქმით, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ერისიონმა“ 16 ოქტომბერს კრემლის დიდ დარბაზში კონცერტზე უარი მხოლოდ, იმიტომ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განცხადებებით არ ესარგებლა. თუმცა, თავად ჯემალ ჭკუასელი რუსეთ-საქართველოს შორის კულტურის სფეროში ურთიერთობებს მიესალმება.53830291850dd1a
„ნაციონალური მოძრაობა“ უტიფარი ხალხია. დღეს იმიტომ არიან ჩუმად, რომ, ალბათ, ლელა წურწუმია და ნინი ბადურაშვილი მათი მხარდამჭერები და მათი გულშემატკივრები არიან. სხვა რა შეიძლება ვიფიქრო. ჩვენ 16 ოქტომბერს მოსკოვში კონცერტი უნდა ჩაგვეტარებინა და არ წავედით. ალბათ, გახსოვთ მოსკოვში, კრემლის დიდ საკონცერტოო დარბაზში კონცერტი უნდა გაგვემართა, და მაშინ ეს კონცერტი გადავდეთ. ახლა გვეპატიჟებოდნენ, მაგრამ არ წავედით… მე მომხრე ვარ, რომ ქართველებმა ხშირად იარონ რუსეთის სხვადასხვა ქვეყანაში. კონცერტები უნდა გაიმართოს… ეს პოლიტიკას არ უნდა უკავშირდებოდეს. „ერისიონზე“ ერთი ამბები ატეხეს, იმიტომ რომ ის „ერისიონი“ და ჯემალ ჭკუასელი იყო, ესე იგი მისიანი უნდა იყო მაინცდამაინც? რით ავხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ დუმილი, არ ვიცი. ერთი საკითხი მაფიქრებს მხოლოდ, კიდევ ვიმეორებ, მე მომხრე ვარ, რომ ყველა ხელოვანი წავიდეს და წამოვიდეს, მხოლოდ რუსეთში კი არა, მაგრამ ეს მათი სიჩუმე ბევრ კითხვას ბადებს. ის კი არა, გუშინ კრასნოიარსკის ანსამბლის ხელმძღვანელობამ დამირეკა, საქართველოში ჩამოსვლა სურთ. მეკითხებოდნენ: „ხომ არ გვცემენ ქართველებიო“ . დავპირდი, რომ ხმას არავინ გაგცემთ, ჩამობრძანდით, ოღონდ ჩვენ ვერ ჩამოვალთ-მეთქი…. მაგრამ, გაკვირვებული ვარ, „ერისიონი“ არ წავიდეს და სხვა წავიდეს და იმღეროს, ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარია. საერთოდ, გაუგებარია მიდგომა – „იმან იმღეროს და ამან არ იცეკვოს, ან „ეს ჩემია და ის შენია“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ჯემალ ჭკუასელი.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში „თბილისობის“ დღესასწაულის ჩატარების შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობს ქართული პოლიტიკური ელიტა. უფრო მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა ღონისძიების შესახებ ინფორმაცია „კვირასგან“ შეიტყო.
„არც ვიცი… რა თბილისობა? სად ტარდება? მოსკოვში? პირველად მესმის… საერთოდ, რუსეთში ნებისმიერი რევენანსები, პუტინის კარზე ჩასვლა და ცეკვა-თამაში ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის პირადად, არის შეურაცხყოფა, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის.. ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია“, – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი.
პარკ „ერმიტაჟში“ ღონისძიების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა. ამასთანავე, მან არ იცოდა, თუ ვინ მართავდა, ან ვინ მონაწილეობდნენ „თბილისობის“ დღესასწაულზე მოსკოვში. „მოსკოვში „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით პირველად მესმის. ვინ მართავს? საერთოდ, მიხეილ ხუბუტიას ყველა ინიციატივა, ბუნებრივია, არის საოკუპაციო რეჟიმის სამსახურში. ძალიან ცუდია, რომ ამ ღონისძიებაში ნინი ბადურაშვილი და ლელა წურწუმია მონაწილეობენ. თუმცა, მეორე მხრივ, მოსკოვში ბევრი ქართველია და მათ, ბუნებრივია, ყველანაირი უფლება აქვთ, თვითონ იზეიმონ „თბილისობა“, მაგრამ როდესაც ეს ღონისძიება ხუბუტიას ორგანიზებით კეთდება, ამ ყველაფერს პოლიტიკური სუნი ასდის. ხუბუტია პუტინის ყურმოჭრილი მონაა. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა, სადაც ადამიანის არჩევანი თავისუფალია. ეს მათი პირადი საქმეა, სად მიიღებენ მონაწილეობას. პირადად, მე, ხუბუტიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებდი“, – ამბობს ნიკოლოზ რურუა.
„კვირა“ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრს ელისო ჩაფიძეს დაუკავშირდა. როგორც დეპუტატმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, იგი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ნებისმიერ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას მიესალმება. მისი თქმით, ხელოვნების პოლიტიზება დადებითი ტენდეცია არ არის.
„მივესალმები ყოველგვარ კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან, მათ შორის რუსეთთანაც. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი კონცეფციის ნაწილია ის, რომ საქართველოს ჰქონდეს, შეძლებისდაგვარად, კარგი და თბილი ურთიერთობები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, მით უფრო იმ ქვეყანასთან, როგორიცაა რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ პრობლემებს გვიქმნის, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი და ასეთი ტიპის სახალხო დიპლომატია, ვფიქრობ, დადებითად იმოქმედებს. ქართველებსა და რუსებს შორის წლების განმავლობაში გაჩენილი სიძულვილი დადებითი განწყობით უნდა შეიცვალოს. ზოგადად, ხელოვნების პოლიტიზება არ არის დადებითი ტენდეცია“, – აცხადებს ელოსო ჩაფიძე.
მისი თქმით, რაც შეეხება ლელა წურწუმიასა და ნინი ბადურაშვილის წარსულის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს საზოგადოების განსჯის საგანია და თავად კომენტარისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, რუსეთის დედაქალაქში, პარკ “ერმიტაჟში” მხიარული დღესასწაული “თბილისობა მოსკოვში” გაიმართება. რუსეთში ქართველთა კავშირის პრესცენტრის ინფორმაციით, პარკის ცენტრში მოეწყობა სცენა, რომელზეც დამსწრე საზოგადოების წინაშე მოსკოვში მოქმედი ქართული მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები წარდგებიან, მათ შორის – სოსო პავლიაშილი, თამარ გვერდწითელი. გარდა ამისა, საზეიმო კონცერტში თბილისიდან მიწვეული მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის – ლელა წურწუმია და ნინი ბადურაშვილი, ჯგუფები “ფრანი” და “მეტეხი”. „თბილისობის“ დღესასწაული მოსკოვის მერიისა და “რუსეთში ქართველთა კავშირის” ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები