“საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც სამაგალითოა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის” – ვასილ მაღლაფერიძე

“საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც სამაგალითოა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის”, – ასე აფასებს “პირველი არხის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე  2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

როგორც მაღლაფერიძე წერს, “მიუხედავად ქვეყნის გარედან და შიგნიდან წინასწარ გამოთქმული ძალიან არაკორექტული ვარაუდებისა, საქართველომ აჩვენა, რომ აქვს მყარი საარჩევნო სისტემა, რომელიც გაყალბებას არ ექვემდებარება”.

“საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ და სამართლიან გარემოში.

პარლამენტის შედეგები გამოაცხადა საქართველოს ცესკომ, ერთადერთმა ორგანომ ვისაც ამისი უფლება აქვს.

არჩევნების შედეგები სავალდებულო ფაქტად უნდა მიიღოს ყველამ როგორც შიგნით, ისე – გარეთ, ვინც საქართველოს კონსტიტუციას ცნობს და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

ვინც ამ შედეგებს არ ეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში და მხოლოდ სასამართლოში.

საქართველოს მოსახლეობამ, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, გამოხატა თავისი ნება და არჩევნების მეშვეობით პარლამენტში შეიყვანა ხუთი პოლიტიკური პარტია, რომლებიც, ასევე, კონსტიტუციიდან გამომდინარე არიან შექმნილები. ქვეყანა გადავიდა პროცედურული დემოკრატიის ფაზაში.

არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

საქართველოში ჩატარდა არჩევნები და საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი ვართ, კონსტიტუციის ფარგლებში დავრჩეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევანს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები