“გოლფ კლუბ ამბასადორი კაჭრეთის“ ინიციატივით, ღონისძიება – „შემოდგომა კაჭრეთში“ გაიმართება (ვიდეო)

კაჭრეთში 5 ოქტომბერს ღონისძიება – „შემოდგომა კაჭრეთში“ გაიმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, ღონისძიებაზე შემოდგომასთან ასოცირებული რთვლის ტრადიცია გაცოცხლდება. ღონისძიების ფარგლებში „მოძრაობის თეატრი“ თემატურ თეატრალიზებულ სკეჩებს წარმოადგენს. სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეულ საპატიო სტუმრებს გლეხების, თავადების, ბანოვანების, კინტოების ფორმებში გამოწყობილი მსახიობები შეეგებებიან და მათ შესაძლებლობა მიეცემათ, თეატრალიზებულ რთველში უშუალოდ ჩაერთონ.
როგორც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯინო დოლინმა განმარტა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ელემენტების შემცველი ფოლკოლური ნომრები. მასში მონაწილეობას მიიღებს ეთნო ჯაზჯგუფი – „ეგარი“, რომელიც საკუთარ, პოპულარულ მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს. მისივე თქმით, ღონისძიებაზე გოლფ-ტურნირიც გაიმართება, სადაც მონაწილეობას პროფესიონალი მოთამაშეები მიიღებენ. ტურნირის გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცემათ. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერას საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ უზრუნველყოფს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „კვირას“ კომერციულმა მენეჯერმა ანა ჩანგიანმა განმარტა, კაჭრეთის გოლფკლუბის უნიკალურობა ღონისძიების ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს, ქართული ტრადიციები უცხოელი სტუმრების თვალწინ გაცოცხლდეს და ამით ქართული კულტურის უფრო მეტად პოპულარიზება მოხდეს. საღამოს ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიებას მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე გაუძღვება. ღონისძიების პარტნიორია პოლონურ-ქართული კომპანია „აგრომაქს დეკორი“, რომელმაც სპეციალურად ამ დღისთვის პოლონეთიდან საქართველოში სხვადასხვა ჯიშის იშვიათი დეკორატიული მცენარეები ჩამოიტანა.
„ამბასადორი კაჭრეთის“ როგორც გარე ლოკაციას, ისე დარბაზის შიდა ინტერიერს სპეციალური დიზაინით სწორედ „აგრომაქს დეკორი“ გააფორმებს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, კუბური მუსიკის საღამო გაიმართება. კომპოზიციებს კუბადან მოწვეული პროფესიონალი მუსიკოსები წარმოადგენენ. საღამო „მოძრაობის თეატრის“ ცეცხლოვანი შოუთი დაიხურება. ღონისძიება 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FFujAen900M” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები