„კრწანისის“ საგუშაგოზე წვევამდელის გარდაცვალების საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საგუშაგოზე, წვევამდელის დ.ბ–ს გარდაცვალების საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის – ამის შესახებ „კვირას“ სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ანი თამაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ომბუდსმენი ასევე მონიტორინგს გაუწევს გამოძიებას, რომელიც ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს.
„მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი შეიარაღებულ ძალებში მომხდარ დარღვევებზე რეაგირებას პერმანენტულად ახდენდა, მომდევნო წლიდან იგეგმება ახალი დეპარტამენტის ფორმირება, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მომსახურე პირთა უფლებების დაცვის საკითხზე იმუშავებს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ანი თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წვევამდელ დავით ბოლოთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა რიგითი დავით ბოლოთაური საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები