22 ოქტომბერს თბილისს ბრისტოლის ლორდ მერი ეწვევა

22 ოქტომბერს თბილისს დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ მერი ალისტაირ ვატსონი დელეგაციასთან ერთად ეწვევა. თბილისის მერიის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ტრანსპორტის, ტურიზმის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროების, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
თბილისში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებზე დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა ისაუბრეს. დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით, თბილისის მერთან შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორში, ასევე გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. დაგეგმილია შეხვედრები თბილისის განვითარების ფონდის, ქალაქის არქიტექტურის, ტრანსპორტის და სხვა სამსახურების ხელმძღვანელებთან, ბიზნეს წრეებთან. „აღსანიშნავია, რომ ქალაქი ბრისტოლი 2015 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქად გამოცხადდა. შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორისაა ქალაქის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები. ქალაქ ბრისტოლის ამჟამინდელი მერი პროფესიით არქიტექტორია და როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისის მერი ქალაქის დაგეგმარების საკითხით განსაკუთრებულად არის დაინტერესებული“ – განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, ბრისტონის დელეგაციის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ბრიტანეთის საელჩო გამოეხმაუროს დიპლომატიურ კორპუსთან და დონორ ორგანიზაციებთან 2 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბრისტოლის მერის ვიზიტი ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების დასტურია. „ბრისტოლის დელეგაცია ჩვენ გაგვაცნობს გამოცდილებას ქალაქდაგეგმარების, გამწვანების და რეკრეაციული ზონების განვითარების თვალსაზრისით, ასევე იქნება საუბარი შშმ პირებისთვის საჯარო სივრცეების ადაპტაციის საკითხებზე. გასულ წელს ბრისტოლმა ევროპის მწვანე ქალაქის სტატუსი მიიღო. ჩვენთვის საინტერესოა ამ კუთხით მათი გამოცდილების გაზიარება როგორც თეორული, ისე პრაქტიკული კუთხით,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა ბრისტოლის ლორდ მერი და დელეგაცია თბილისობის ღონისძიებებზე მიიწვია. ბრისტოლი თბილისთან დაძმობილებული ქალაქია 1988 წლიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები