ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუცია უგულავა-კეზერაშვილის საქმეს მტკიცებულებად დაერთო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებად დაერთო. საუბარია რიყის ტერიტორიის და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. მოთხოვნის საფუძველი კი საქმის ობიექტურ გამოძიების ხელშეუწყობაა.
ბრალდების მხარის პროკურორმი კი მიიჩნევს, რომ დოკუმეტს არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან, ის ატარებს რეკომენდაციის ხასიათს, რის გამოც საქმეს არ უნდა დაერთოს.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განმარტებით, დოკუმენტი ბრალდებულებს უშუალოდ არა, თუმცა ირიბად უკავშირდება, ვინაიდან ამ დოკუმენტებში ისინი მოხსენიებულები არიან. მოსამართლის განცხადებით, დოკუმენტი საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციის მიერ არის მიღებული და ვინაიდან უშუალოდ არიან ნახსენები ბრალდებულები, არ არსებობს წინაპირობა რომ იგი საქმეს არ დაერთოს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრებებზე, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, ზურაბ ადეიშვილის, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილი შესახებ. “უნდა აღინიშნოს, რომ ორი წლის შემდეგ ყოფილი მმართველი პარტიის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დაპატიმრებულია, წაყენებული აქვს ბრალდებები ან გამოძიების ქვეშაა, მათ შორის დაპატიმრებული არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავიდ კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს”, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები