გიორგი ცუცქირიძე:  “სავალუტო ინტერვენციების შედეგად ლარის  კურსი სტაბილურია”

“ლარის კურსზე მოქმედი არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი გაუარესებული არაა. ვთანხმდებით, რომ შესაძლოა,  იყოს ერთჯერადი, წინასაარჩევნო პერიოდის თავისებურებიდან გამოწვეული არაფუნდამენტური ფაქტორი.

ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში ვალდებულია,  ეს მოკლევადიანი გაურკვევლობა ბაზარზე დააბალანსოს, ამიტომ გამოაქვს დოლარი გასაყიდად და ინტერვენციას ახდენს”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სავალუტო ინტერვენციების შედეგად ლარის  კურსი სტაბილურია.
“ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა უკვე 3 ინტერვენცია განახორციელა. ეს დაახლოებით 174 მლნ დოლარამდეა. გარკვეული ინტერესი და დაძაბულობაა, ჩემი შეფასებით, არასწორი ინტერპრეტაციები ხდება. აქცენტი კეთდება  იმაზე,  რომ შარშან მთელი წლის განმავლობაში ჯამური ინტერვენცია 167 მლნ დოლარი იყო.   ეროვნული ბანკი მოქმედი კანონის საფუძველზე   ვალდებულია, ბაზარზე ფასების სტაბილიზაცია მოახდინოს.არც ორგანულ  კანონში  არც კონსტიტუციაში, კანონქვემდებარე აქტებში განსაზღვრული არაა, რა მოცულობის უნდა იყოს ინტერვენცია. ცოტა არასწორი ინტერპრეტაციები კეთდება, რომ კატასტროფა ხდება. მოგეხსენებათ, პირველ ათ თვეში ეროვნულმა ბანკმა 350 მილიონი გაყიდა. ამბობენ, რომ ეს მაღალია და შეიძლება, საერთოდ რეზერვების დაცლა გამოიწვიოს. ყველაფერი იქიდან გამოდის ,თუ რა სიტუაციაა ბაზარზე,  როგორია მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი. 100 მლნ დასჭირდება, 200, 300 თუ შეიძლება, 500-იც, დამოკიდებულია იმაზე, კურსის ცვალებადობა როგორი იქნება. მთავარი ამოცანაა –  აჟიოტაჟის ჩაცხრობა მოხდეს. განსხვავება რა არის: შარშანდელი წელი შედარებით წყნარი წელი იყო, წელს ცოტა დაძაბული წელია. გაზაფხულზე საპროტესტო გამოსვლები იყო, როცა კურსმა რყევა დაიწყო, ინტერვენციები მაშინაც მოხდა. ოქტომბერში რამდენიმე დღეში არჩევნებია, ეს დაძაბულობა შეინიშნებოდა არა დღეს და გუშინ, არამედ პრინციპში სექტემბრიდან მოყოლებული. როცა გარკვეული მოლოდინია, ჩვენ ამას გაურკვევლობას ვეძახით, ადამიანებს უჩნდებათ იმის შიში, თუ  რა შეიძლება მოხდეს ხვალ, ეს ძნელად საპროგნოზო იყოს. მაშინ  გარკვეული მოძრაობა იწყება არა მხოლოდ მოქალაქეების,  ბიზნესისაც. იწყებენ სავალუტო რისკების დაზღვევას. ადამიანთა ნაწილს სესხები დოლარში აქვთ , მათ შეიძლება,   მოახდინონ სალარე  ანგარიშების კონვერტაცია,  დოლარში გადაყვანა. ახლა გაურკვევლობის მთავარი ფაქტორი, სამწუხაროდ, ის განცხადებებია, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, ძირითადად, რადიკალური ფრთის მხრიდან, რომ არჩევნები გაყალბებულია, ოპოზიცია არ აპირებს, შეეგუოს შედეგებს. ამის გარდა,  პრეზიდენტის განცხადებებია, რომელიც ამ კუთხით რისკების მატარებელია. მაგალითად, განცხადებები ტექნიკურ მთავრობაზე. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, რომელი ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი? ეს ყველაფერი იმ მოლოდინს ქმნის, რომ  ქვეყანაში შეიძლება, სიტუაცია დაიძაბოს. ვგულისხმობ,  სიტუაციის არევას.  ბუნებრივია,  ეს ნეგატიური მოლოდინი ახდენს რა ამ განწყობებზე ზეგავლენას, თავის მხრივ, სავალუტო კურსზე დაწოლას ახდენს. ორი ფაქტორია ,რამაც, შესაძლოა,  კურსის რყევა გამოიწვიოს: როცა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები გაუარესებულია  და ეს შეიძლება, იყოს მაგალითად  ექსპორტ-იმპორტის სალდო, საგადამხდელო ბალანსი, შეიძლება,   გლობალურ ბაზრებზე სხვა პროცესები.  არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი გაუარესებული არაა. მაგალითად ავიღოთ , სექტემბერში როგორი იყო ექსპორტ-იმპორტის სალდო, თვიური. ექსპორტი საკმაოდ დიდი მაჩვენებლით – 17 %-ით გაიზარდა, იმპორტი 4%-ით შემცირდა. ანუ დადებითი სალდო გვაქვს. ქვეყანაში უფრო მეტი დოლარი დარჩა, ვიდრე გავიდა. ამიტომ , ვთანხმდებით,  რომ  შესაძლოა,  იყოს ერთჯერადი არაფუნდამენტური ფაქტორი, წინასაარჩევნო პერიოდის თავისებურებიდან გამოწვეული. ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში  ვალდებულია,  ეს მოკლევადიანი გაურკვევლობა ბაზარზე დააბალანსოს, ამიტომ გამოაქვს დოლარი გასაყიდად და ინტერვენციას ახდენს. თუ ლაპარაკია იმაზე, რამდენად ეფექტიანია ინტერვენციები ,რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, ეს არის შედეგში-  ინფლაცია 3%-ზე დაბლაა. ეს მიზნობრივი პარამეტრია. ინფლაცია მაღალი რომ იყოს, შეიძლება,  გვეთქვა, რომ ინტერვენციები ნაკლებ ეფექტიანი იყო.

ზოგიერთ განცხადებაზეც მინდა, კომენტარი გავაკეთო,  სადაც რიცხვებზეა ლაპარაკი -რომ 350 მილიონია გაყიდული და  ამან შეიძლება,  რეზერვები დაცალოს. ვგულისხმობ  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის,  რომან გოცირიძის განცხადებებს. 350 მილიონი კი გაყიდა, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, წლის განმავლობაში როგორი მოძრაობა ჰქონდა,  ცალმხრივად ჰყიდდა ეროვნული ბანკი? ზაფხულში ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი მასა ამოიღო, დაახლოებით 288 მლნ დოლარი შეისყიდა.  ბალანსი აქედან უნდა გამოვიდეს და არა იქიდან, ბოლო 1 თვეში რამდენი გაიყიდა. მეორე , კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – როგორია მაკროფაქტორები, როცა ვლაპარაკობთ, რომ რაღაცამ შეიძლება,  ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს, პირველ რიგში, ფუნდამენტურ ფაქტორებს ვგულისხმობ. როგორია სავალუტო შემოდინებები, ინვესტიციები, ფულადი გზავნილები. პირველ 10 თვეში  სარეკორდოდაა გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ესაა ვალუტის შემოდინების ნაწილი. ეკონომიკური ზრდა – ჩვენთან კატასტროფა რომ იყოს, რაღაც ცუდი ხდებოდეს, რეზერვებს საფრთხე ემუქრებოდეს, მაშინ ეს სხვადასხვა შეფასებაზე აისახებოდა.  ვიცით, რომ წლის ბოლომდე  ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი  7,5%-მდეა.
ჯერ  მსოფლიო ბანკმა გაზარდა, ახლა სავალუტო ფონდმა კიდევ უფრო გაზარდა – 7,8%-მდე. საერთაშორისო ინსტიტუტებს ეკონომიკური მოლოდინი პოზიტიური აქვთ. პოზიტიური მოლოდინი იმას ნიშნავს,  რომ ეკონომიკის დინამიკა თუ პოზიტიურია, სავალუტო შემოდინებების დინამიკაც ადეკვატურად პოზიტიური იქნება.

გავიგეთ, რომ გაყიდა (ეროვნულმა ბანკმა დოლარი) და ვხედავთ,  სტაბილურია კურსი. ერთ-ერთი ამოცანა რა არის – გაცვლითი კურსი დაასტაბილუროს. ამ შედეგს ვხედავთ”- განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები