ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენი კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი შეკრება – მანიფესტაციის უფლება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება-მანიფესტაციის დროს, აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტების თანახმად მოქმედებს.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ „რუსთავი 2“ – ის გადაცემა „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტებში ნათლად წერია, რომ ძალადობრივი მანიფესტაციის დროს შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს წყლის ჭავლი და გაზი ერთობლივად.
„მინდა გაჩვენოთ რამდენიმე საერთაშორისო სახელმძღვანელო, ეს არის „ამნესთი ინთერნეიშენალის“ და ასევე ეუთო/ოდირის შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს წყლის ჭავლი და გაზი ერთობლივად და მისი მთავარი მიზანია, რომ აქციის მოძალადე მონაწილეებმა დატოვონ შეკრების ადგილი და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება უსაფრთხოდ დატოვონ აქცია – მანიფესტაციის ადგილი.
ამას აქტიურად იყენებს არაერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, გერმანია, საფრანგეთი და საზოგადოება ხედავს ამ აქცია – მანიფესტაციების მართვის სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოყენებულ მექანიზმებს. სადაც არამარტო წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებენ, არამედ ცხენებსაც, ძაღლებსაც იყენებენ და უამრავ სხვა საშუალებას და შეიძლება ითქვას უფრო ძალისმიერი მეთოდებით ხდება მოქმედება ხოლმე აქციის მოძალადე მონაწილეების მიმართა, იმისათვის რომ აღარ ჩაერთონ ძალადობრივ ქმედებებში. ჩვენი კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი შეკრება – მანიფესტაციის უფლება. ის ადამიანები ვინც გასცდებიან ამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, დაიწყებენ ძალადობას, შტურმს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებზე, სხვა პირებზე ძალადობას ამ შემთხვევაში პოლიციას სრული ლეგიტიმური უფლება აქვს კანონით და საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული რომ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები. მათ შორის ცრემლსადენი გაზი, „წიწაკის სპრეი“, წყალსატყორცნი და ა.შ. უამრავი ის საშუალებები რაც ჩამოწერილია კანონში. უფრო მეტსაც გეტყვით საზოგადოებამ კარგად ნახა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს არის „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. სადაც სწორედ წყლის ჭავლის გამოყენებაზე იყო საუბარი და გვახსოვს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და მაშინდელი სახალხო დამცველის განცხადება, რომ თითქოს ჩვენ წყლის ჭავლი არასწორად გამოვიყენეთ. ამ შემთხვევაში  სტრასბურგმა, პირდაპირ ჩაწერა, რომ პოლიციამ საკმარისზე მეტი ტოლერანტობა გამოიჩინა აქციის მონაწილეების მიმართ და მას უფრო ადრე შეეძლო გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ამ შემთხვევაში სრულად ლეგიტიმურად და კანონიერად მიიჩნია ჩვენი მოთხოვნა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები