“პოლიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს სპეციალურ საშუალებებს და ძალას, როდესაც შეკრება-მანიფესტაცია ძალადობრივი ხასიათის ხდება” – ალექსანდრე დარახველიძე

“უკვე წლებია, შს სამინისტრო ეფექტურად ახორციელებს თავის დანაყოფების აღჭურვას და გადაიარაღებას. საზოგადოებამ არაერთხელ იხილა ახლად გახსნილი, პოლიციის შენობები, სრულიად ახალი შეიარაღება, ავტომობილები და სხვა სპეციალური საშუალებები, რომლებიც აუცილებელია პოლიციის გამართული ფუნქციონირებისთვის”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ “დღის კურიერში” ისაუბრა.

დარახველიძის თქმით, ეს არის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც დასახული აქვს შს სამინისტროს.

“ჩვენ ეტაპობრივად უზრუნველვყოფთ ყველა ჩვენი დანაყოფის სათანადო აღჭურვას იმისათვის, რომ პოლიციამ ეფექტურად შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანები.

კონკრეტული მედია საშუალების – “ტვ პირველის” მხრიდან, მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სამწუხაროდ, ამ პროცესში მას ხელს უწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ცრუობენ და საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს მსგავს კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. მინდა, საზოგადოებას ნათლად განუმარტო, თუ რაშია საქმე. პოლიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს სპეციალურ საშუალებებს და ძალას, როდესაც შეკრება-მანიფესტაცია უკვე ხდება ძალადობრივი ხასიათის და ადგილი აქვს თავდასხმა, თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ან კონკრეტულ მოქალაქეებზე. ამ შემთხვევაში, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველვყოთ აქციის მშვიდობიანი მართვა. ამ შემთხვევაში, პოლიციის შესახებ კანონით, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს არის მიღებული, გაწერილია სპეციალური საშუალებების დეტალური ჩამონათვალი, მათი გამოყენების წესი და პირობები. მათ შორის, მითითებულია, რომ მასობრივი არეულობების დროს და ძალადობრივი ქმედებების დროს, პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს, როგორც ცრემლსადენი გაზი, ასევე წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. ახლა საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას, რომ თითქოს შეუძლებელია და აკრძალულია ერთდროულად წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება. ეს არის სრული სიცრუე. არც პოლიციის შესახებ კანონი, არც მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, არ კრძალავს მსგავს ქმედებას”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები