გიორგი ცუცქირიძე – რომან გოცირიძეს თავის დროზე იმის მეათედიც რომ გაეკეთებინა, რასაც დღეს სებ-ი აკეთებს ლარის სტაბილურობისთვის, იქნებ კუპონი არ ჩამოქცეულიყო
რომან გოცირიძეს თავის დროზე იმის მეათედიც რომ გაეკეთებინა, რასაც დღეს სებ-ი აკეთებს ლარის სტაბილურობისთვის, იქნებ კუპონი არ ჩამოქცეულიყო და არც გოცირიძეს შემორჩენოდა სახელად კუპონა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ რომან გოცირიძის განცხადების საპასუხოდ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„რომან გოცირიძეს ასეთი პასუხისმგებლიანი მიდგომა რომ ჰქონოდა და ასეთი კრიტიკული ყოფილიყო თავის დროზე, როდესაც ის იყო მთავრობის წევრი და ვიცე-პრემიერი, ანაც იმის მეათედი გაეკეთებინა, რასაც სებ-ის დღევანდელი გუნდი აკეთებს ლარის სტაბილურობისთვის, შესაძლებელია არც კუპონი ჩამოქცეულიყო მაშინ და არც კუპონთან ასოცირებული სახელი დაერქმიათ“, – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომიკის ექსპერტმა ასევე ისაუბრა სებ-ის მიერ გუშინ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციაზე და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ვალდებულია დააბალანსოს მოკლევადიანი გაურკვევლობა ბაზარზე და ამიტომ ახდენს ინტერვენციებს.
„ფუნდამენტური ფაქტორები გაუარესებული არ არის, სახეზეა ერთჯერადი არაფუნდამენტური ფაქტორი რაც წინა საარჩევნო პერიოდის თავისებურებაა. ნეგატიური მოლოდინი ახდენს განწყობებზე ზეგავლენას და თავის მხრივ სავალუტო კურსზე დაწოლას. არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ ბიზნესი იწყებს სავალუტო რისკების დაზღვევას. ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში ვალდებულია მოკლევადიანი გაურკვევლობა ბაზარზე დააბალანსოს და ამიტომ ახდენს ინტერვენციებს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს 100 მლნ-ს გამოიტანს გასაყიდად, 200-ს თუ 500-ს. მთავარი ამოცანაა არა ციფრი, არამედ სავალუტო ბაზრის დაჭერა და ფინანსურ ბაზარზე სტაბილიზაცია“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.