ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისთვის, უერთდება გერმანიის საზეიმო განწყობას. “თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, გულითადად მოგილოცოთ გერმანიის გაერთიანების დღე. ეს ღირსშესანიშნავი თარიღია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან 3 ოქტომბერი – ეს არის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინების დღესასწაული. გერმანიის გაერთიანებამ კიდევ უფრო გააძლიერა ევროპა და მთლიანად დასავლური სამყარო. ქართველი ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისთვის, იზიარებს და უერთდება ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებულ თქვენს სიხარულს და საზეიმო განწყობას”, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში. პრემიერი აღვნიშნავს, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა და პარტნიორობა კიდევ უფრო ვითარდება და ღრმავდება. “მინდა, უდიდესი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა და პარტნიორობა კიდევ უფრო ვითარდება და ღრმავდება. ამ საქმეში გერმანიის ხელისუფლებისა და პირადად თქვენი წვლილი განსაკუთრებულია. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის საქმეში თქვენი დიდი თანადგომისათვის. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მოუთმენლად ველით თქვენს ვიზიტს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მომავალი სტუმრობა ახალ და კიდევ უფრო მძლავრ იმპულსს შესძენს ქართულ-გერმანული მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას. თქვენი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში იქნება საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო გამოხატულება”, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები