ეროვნული ბანკი: დღევანდელი ინტერვენცია ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას აგვარიდებს და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო.
ბანკში აცხადებენ, რომ ეს თავის მხრივ, ქვეყანას აარიდებს უარყოფით გავლენას ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას.
„ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული მოჭარბებული გაურკვევლობა აძლიერებს ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების მხრიდან კურსზე მომდინარე ზეწოლას. ასეთ შემთხვევებში, სებ-ი ხელმძღვანელობს საკუთარი მანდატით და მონეტარული ინსტრუმენტებით, რითაც ხელს უწყობს ბაზრის მოლოდინებისა და ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოლოდინების მილევასთან ერთად, სავალუტო ბაზარი ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება.
მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში ჯანსაღია – ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.2%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.