საქსტატი – მესამე კვარტალში თბილისში ახალი ბინები წლიურად 7.5 პროცენტით გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 46.7 პროცენტით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
პუბლიკაციის მიხედვით, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.1%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-0.2%). ხოლო 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 7.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 9.7%-ით.