ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, ოთარ არბოლიშვილის თქმით, მოხარულია, რომ დაბაში მნიშვნელოვანი პარკის პროექტის მოწყობა მიმდინარეობს.

„დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე დაბაში ჩამოსული ტურისტებისთვის. აქაურობა ცუდ მდგომარეობაში იყო, ახლო მომავალში კი, ლამაზი რეკრეაციული სივრცე გვექნება. ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემები, განათების ქსელი. ყველა თაობის ადამიანისთვის შეიქმნება შესაბამისი სივრცე და ყველას შეეძლება მივიდეს, დაისვენოს, გაერთოს. მოეწყობა საბავშვო ზონებიც. მიხარია, რომ დაბაში ასეთი მნიშვნელოვანი პარკის პროექტის მოწყობა მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

პარკის მოწყობის სამუშაოები 10 500 კვ.მ. ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსდება კაფე და სხვა კომერციული ობიექტები. მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი. დამონტაჟდება ე.წ ,,მჟავე წყლის” ბიუვეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები