ქალაქ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველ მოადგილე ლევან მუშკუდიანსა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად ქალაქ ახალციხის ახლად რეაბილიტირებული N5 საჯარო სკოლა მოინახულეს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,
ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში განახორციელა. სკოლა 600 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

,,სკოლის ახლად რეაბილიტირებულ შენობაში მოწყობილია თანამედროვე სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო
და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღჭურვილია ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად აღდგა და მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ განათლება მაღალი სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ.

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 5 000 000 ლარამდეა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები