მამუკა მდინარაძე: 15 ოქტომბრიდან დღემდე, ასობით პროვოკაციული ზარი განხორციელდა ჩვენს მომხრეებთან, ამ ასობით ზარის მიუხედავად, მათ ჯერ ვერ მოახერხეს ისეთი თუნდაც ერთი ჩანაწერის გაკეთება, რომ თავიანთ მავნებლურ გეგმებში გამოსდგომოდათ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბოლო დღეების განმავლობაში ორგანიზებულ კამპანიაზე ისაუბრა, რომელიც ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტების მიერ მმართველი პარტიის მომხრეებთან პროვოკაციული ზარების განხორციელებას გულისხმობს.

როგორც მდინარაძემ განმარტა, პროვოკაციული კითხვებიდან აშკარად ჩანს, რომ მიზანია, გავრცელდეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი პასუხები, თითქოს საქმე გვაქვს რაიმე სახის უკანონო დავალებების მიცემასთან, თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს ისეთი ჩანაწერის გაკეთება, რაც მათ გეგმებს წაადგებოდა. ორი „ფეიკი“ კი, მისი თქმით, მმართველმა გუნდმა იმავე დღეს ამხილა.

„მნიშვნელოვანია ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში ორგანიზებული კამპანია, რომელშიც მთავარ როლს, სამწუხაროდ, თქვენი კოლეგები, ჟურნალისტები ასრულებენ. ნაც მოძრაობის ტელევიზიების ჟურნალისტებზეა, რა თქმა უნდა, მთავარი ეჭვი, შეიძლება ისინი სხვებიც იყვნენ და ამას დრო აჩვენებს. 15 ოქტომბრიდან დღემდე, ასობით პროვოკაციული ზარი განხორციელდა ჩვენს მომხრეებთან, მათ შორის, სხვადასხვა უწყებების – სამინისტროების თანამშრომლებთან თუ პარტიულ აქტივისტებთან.
პროვოკაციული კითხვებიდან აშკარად ჩანს, რომ მიზანია, გავრცელდეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი პასუხები, თითქოს საქმე გვაქვს რაიმე სახის უკანონო დავალებების მიცემასთან არჩევნებთან დაკავშირებით.
მიუხედავად ამისა, ამ ასობით ზარის მიუხედავად, მათ ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხეს ისეთი თუნდაც ერთი ჩანაწერის გაკეთება, რომ ეს ჩანაწერი თავიანთ მავნებლურ გეგმებში გამოსდგომოდათ. მოახერხეს მხოლოდ ორად ორი უხარისხო „ფეიკის“ შექმნა. ერთი რუსთავის და მეორე წნორის შემთხვევაში, რომელთაგან ორივე იმავე დღეს ვამხილეთ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები