ღუდუშაურების ციხის გალავნისა და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში მიმდინარე ღუდუშაურების (სნოს) ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების შედეგებს გაეცნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებული დავით ნოზაძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილი, სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორები ნიკოლოზ ზაზუნიშვილი და ლაშა შარტავა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა: ტერიტორიის გაწმენდას მიწისა და ბუნებრივი საფარისგან, ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩამონგრეული კედლის აღდგენას და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დაზიანებული გალავნის ფრაგმენტის გამაგრებით სამუშაოებს. არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით გადაეწყო გალავნის ზედაპირზე არსებული მორყეული ქვების წყობა და კედლის წყობებს შორის ნაკერები ამოიგოზა; ასევე, განახლდა ციხის გარე განათების სისტემა; გაკეთდა ციხის ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კიბე და საფეხმავლო ბილიკები.
2022 წლის მაისში უხვი ნალექის შედეგად ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ღუდუშაურების (სნოს) ციხის კლდოვანი ბორცვის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელზედაც ციხის გალავნის კედელი იყო დაფუძნებული, ჩამოიშალა. საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც დადებითად შეფასდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, სააგენტომ მიიღო 2024 წლის თებერვალში, რის შემდეგაც გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
2024 წლის 11 აპრილს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – ა(ა)იპ-მა „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრმა“. ძეგლის რეაბილიტაციისთვის სააგენტომ 208 302 ლარი გამოყო.
ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2010 წლის 4 ნოემბერს მიენიჭა. ღუდუშაურების ციხე სნოს წყლის მარჯვენა ნაპირას, ბუნებრივი შავფიქალა კლდის ბორცვზეა აღმართული. გალავნით შემოსაზღვრულ ეზოს წრეს მიმსგავსებული გეგმა აქვს. ეზოს ჩრდილოეთით, ყველაზე მაღალ ადგილას, ერთადერთი კოშკია ამოზრდილი, რომელიც რთულ რელიეფზე ნაგებ უსაძირკვლო გალავანშია ნაწილობრივ ჩართული.
კოშკის კედლის წყობა – პირმოსწორებული და დაკუთხული დიდი ლოდები, დამახასიათებელია განვითარებული შუა საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობებისთვის.
ანზორ მამულაშვილი