„მუსიკის სწავლება ამერიკაში დღეს – კონცეპტუალური და პრაქტიკული საკითხები“ – პიტერ შმელცის ლექცია და დისკუსია გაიმართება

17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში გაიმართება პიტერ შმელცის ლექცია და დისკუსია – „მუსიკის სწავლება ამერიკაში დღეს – კონცეპტუალური და პრაქტიკული საკითხები”.
კონსერვატორიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისის კონსერვატორიაში ფულბრაიტის სტიპენდიის ფარგლებში მეორე კვლევითი ვიზიტით იმყოფება საბჭოთა მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მკვლევარი, პროფესორი პიტერ ჯ. შმელცი.
საკვლევი პროექტის ფარგლებში ის შეისწავლის საბჭოთა არაოფიციალურ მუსიკას საქართველოში.
ამჟამად პიტერ შმელცი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კომპარატიული ფილოსოფიისა და ლიტერატურის დეპარტამენტისა პიბოდის ინსტიტუტის (კონსერვატორია) პროფესორია. მისი კვლევითი ინტერესები მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის მუსიკასა და კულტურას მოიცავს. ავტორია ისეთი წიგნებისა, როგორიცაა: Such Freedom, If Only Musical: Unofficial Soviet Music during the Thaw (ოქსფორდი, 2009); Alfred Schnittke’s Concerto Grosso no. 1 (ოქსფორდი, 2019); and Sonic Overload: Alfred Schnittke, Valentin Silvestrov, and Polystylism in the Late USSR (ოქსფორდი, 2021).
მისი ნაშრომები ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის კომპოზიტორთა, ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოების (ASCAP) დიმს ტეილორ/ვირჯილ თომპსონის და ოტო კინკლდის პრემიებით ამერიკული მუსიკოლგიური საზოგადოების წევრის საუკეთესო წიგნისათვის; მიღებული აქვს ჰუმანიტარული მეცნიერებების ნაციონალური ფონდის, ბერლინის ამერიკული აკადემიის, ჯონ საიმონ გუგენჰაიმის მემორიალური ფონდის და ფულბრაიტის პროგრამის (საქართველო) კვლევითი სტიპენდიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები