“როგორც წლევანდელი წელი, ასევე გასული წელი რეკორდული იყო ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს.
„6 მილიარდი დოლარი შეადგინა დაახლოებით შარშან ექსპორტის მოცულობამ, წელს კი, 9 თვის განმავლობაში თითქმის 5 მილიარდი დოლარია და პროცენტულ მაჩვენებელშიც რეკორდული ზრდა ფიქსირდება. ესაა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც თითქმის ყველა პარამეტრში გვაქვს მიღწეული უკვე წლებია, ეს არის ის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და დღეს ბიზნესისთვის მარტივია დაგეგმვა და გათვლა იმისა, თუ რა იქნება საშუალოვადიან პერიოდში მათ შორის რეგულაციების, საგადასახადო თუ სხვა მიმართულებით. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის ის კომპლექსი, წინაპირობების რაც შექმნილია ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული მუშაობის და პოლიტიკის შედეგად. ეს არის პირველ რიგში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები; იცით, რომ საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, როდესაც საუბარია ორნახევარი მილიარდი მოსახლეობის აგრეგირებულ ბაზრებზე, რომელთანაც საქართველოს უტარიფო ვაჭრობა აქვს. გამოვყოფდი სახელმწიფო პროგრამებსაც, რომელიც თანმიმდევრულად აფასებს იმ საჭიროებებს, რომელიც ბიზნესს აქვს“, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.