იტალიაში, სანტა-ჩეჩილიას აკადემიის არქივში, ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ჩანაწერებს გაეცნენ
ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებმა იტალიაში ყოფნის ბოლო დღეები სანტა-ჩეჩილიას აკადემიის არქივში იმუშავეს. ინფორმაციას ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს.
„ჯერ კიდევ ორი წლის წინ, სარდინიაზე, კალიარის უნივერსიტეტში ეთნომუსიკოლოგ მარკო ლუცუსთან ერთად მუშაობის დროს, სანდრო ნათაძე გაეცნო ხმოვანი ჩანაწერების ბეჭდურ კატალოგს, სადაც ნახა, რომ რომში სანტა-ჩეჩილიას აკადემიის არქივში ინახებოდა, ეთნომუსიკოლოგ ლეო ლევის მიერ 1964 წელს, თბილისში, ქართველი ებრაელების მიერ ჩაწერილი მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშები.
სწორედ ამ მასალების გაცნობის მიზნით ვიმყოფებოდით სანტა-ჩეჩილიას აკადემიაში.
კვლევის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ გარდა აღნიშნული ჩანაწერებისა, არქივში ინახება კიდევ სხვა ქართული ჩანაწერებიც, რომელიც ლეო ლევიმ საქართველოდან იტალიაში 1964 წელს ჩაიტანა.
ასევე მოვიკვლიეთ იტალიური რადიოგადაცემის ჩანაწერები, სადაც გამოყენებულია სხვადასხვა დროს ჩაწერილი ქართული სიმღერები.
გამომდინარე იქიდან, რომ სანტა ჩეჩილიას არქივს არ ჰქონდა მასალა იდენტიფიცირებული, შესაბამისად, მათ საერთო კატალოგშიც არ იყო მოხსენიებული. ჩვენი მუშაობის შედეგად აღიწერა არქივში დაცული ქართული ხალხური სიმღერები და აკადემია სანტა ჩეჩილიას არქივის კატალოგში შევიდა.
კატალოგი ახლო მომავალში განთავსდება საიტზე: folkcatalog.ge
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს საელჩოს იტალიაში, კერძოდ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ ირაკლი ვეკუას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: ფოლკლორული საარქივო მასალების მოძიება-კატალოგიზაციის პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელი სანდრო ნათაძე იტალიაში იმყოფებოდა.