„კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ – თბილისობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისობისადმი მიძღვნილ გამოფენას – „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ – უმასპინძლებს.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამსახურებული მხატვრის ანთიმოზ გორგაძის (1924-1970) ნამუშევრები.
ხანმოკლე სიცოცხლე და ნამუშევრების გასაოცარი სიმრავლე ხელოვანის გამორჩეულ ნიჭიერებაზე მიუთითებს. ვერც მისი მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები იტევენ მასთან ყოფნის სიხარულსა და უმისობის ტკივილს.
„ის გულუხვად გასცემდა თავისი შურისმომგვრელი ნიჭის ნაყოფს და არაფერს იტოვებდა თავისთვის. გასცემდა ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლისადმი აღტაცებულ სიყვარულს და იმედს. მას კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, უნდოდა მოეთხრო ვიღაცისთვის… წავიდა ცხოვრებიდან და ხელოვნებიდან ალიკო და დარჩა სილამაზე“, – ამბობს ჟანი მეძმარიაშვილი.
„მახვილი თვალი, ნატიფი ხელოვნება და განსაკუთრებული მხატვრული აზროვნება ალიკოს საშუალებას აძლევდა სახვით ხელოვნებაში ახალი ორიგინალური გზები გამოენახა“, – ამბობს ლადო გუდიაშვილი.
გამოფენა 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მის: ლ. გუდიაშვილის ქ. N7.