ახალციხეში მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართა

ახალციხის ციხეზე, ტოლერანტობის სიმბოლოდ წოდებულ რაბათის ისტორიულ უბანში, მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი აქტივობები მოეწყო.

ფესტივალს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა კულტურულ ტრადიციებს და ადგილობრივ სამზარეულოს. წარმოდგენილი იყო, როგორც ქართული და მესხური, ისე ეთნიკურ უმცირესობათა მრავალფეროვანი ტრადიციული კერძები, ფქვილის ნაწარმი, ტკბილეული და ნუგბარი. მათ შორის, სომხური, პოლონური, ბერძნული და სხვა.

დღევანდელ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორმა, ახალციხის საპატიო მოქალაქემ მერაბ ბერიძემ და ქალაქის კოლორიტმა და ამავე დროს, საპატიო მოქალაქემ ჰაიკ ბალასანიანმა. აქცენტი გაკეთდა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე და თანაცხოვრებაზე, აღინიშნა, რომ ფესტივალის გამართვა მომავალში ტრადიციად იქცევა.

ფესტივალის ფარგლებში ასევე, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების და მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით, მოეწყო საჩვენებელი სპორტული აქტივობები, ხელნაკეთი ნამუშევრების, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივ მხატვართა ნახატების გამოფენები. ასევე, დაჯილდოვდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე 3 ახალციხელი სტუდენტი, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ. მულტიკულტურული ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის და მისი ბენდის კონცერტით დასრულდა.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანი მრავალეთნიკური კულტურული ტრადიციების, ადგილობრივი პროდუქციისა და სამზარეულოს წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები