ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: იტყუებიან რეიტინგებთან დაკავშირებით

“როდესაც ატყუებდი საკუთარ ამომრჩეველს, რომ 20%, თუ 40% ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და უცბად აღმოჩნდება, რომ 60% ჰქონია, იქ, უნდა გახვიდე, რა თქმა უნდა, ქუჩაში, მით უმეტეს, რომ ხარ ისეთი უსინდისო და უპრინციპო პოლიტიკური ძალა, როგორიც არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას, ემზადება თუ არა ოპოზიცია არჩევნების შემდეგ აქციებისთვის.

„ეს ხომ ბუნებრივია?! წარმოიდგინეთ, ამ პერიოდის განმავლობაში ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 30%-35%, ზოგი 20%-25%-ს ამბობს, ერთმანეთშიც არეულები არიან, როცა იტყუებიან რეიტინგებთან დაკავშირებით, ერთმანეთშიც ვერ ათანხმებენ ამ პროცენტებს. ანუ 20%-დან 35%-მდე მერყეობს, 38% დაგვიწერეს ამას წინათ, ერთ-ერთ კვლევაში. ანუ სადღაც, 20%-დან 40%-მდე მერყეობს, მათი თქმით, ჩვენი რეიტინგი. ატყუებენ 2-3 თვე საკუთარ ამომრჩეველს, საზოგადოებას მთლიანად. რაღაცით ხომ უნდა გაიმართლონ თავი და ერთადერთი არის ის, რომ მათ საუბარი უნდა დაიწყონ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

სინამდვილეში, ეუთო-ოდირმა დაადასტურა ის, რასაც ყველა ვხედავთ, რომ უპრეცედენტოდ მშვიდია გარემო, თავისუფალი და კონკურენტული, პარტიები დარეგისტრირდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რეკლამას ათავსებენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, კამპანიას ატარებენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, წინასაარჩევნო გარემო არის თავიდან ბოლომდე თავისუფალი და კონკურენტული, ყველა თვალსაზრისით არის სამართლიანი გარემო უზრუნველყოფილი.

პირველად ჩატარდება ჩვენს ისტორიაში ელექტრონული წესით არჩევნები, რაც საერთოდ ადამიანურ შეცდომებსაც კი გამორიცხავს. ასეთ ფონზე სათქმელი არაფერი ექნებათ. თუმცა, როდესაც ატყუებდი საკუთარ ამომრჩეველს, რომ 20%, თუ 40% ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და უცბად აღმოჩნდება, რომ 60% ჰქონია, იქ, უნდა გახვიდე, რა თქმა უნდა, ქუჩაში, მით უმეტეს, რომ ხარ ისეთი უსინდისო და უპრინციპო პოლიტიკური ძალა, როგორიც არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ოთხი პარტიაა, სააკაშვილის პარტია, გვარამიას პარტია, ხაზარაძის პარტია და გახარიას პარტია. არცერთ ამ ადამიანს არ აქვს, ელემენტარულად, შუბლის ძარღვი. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ქუჩაში გასვლა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოლოდინი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები