ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ეროვნული კინოცენტრის ახალი ოფისი გაიხსნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში ეროვნული კინოცენტრის თანამედროვე სტანდარტების სრულად განახლებული ოფისი გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია და მინისტრის მოადგილე და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ესწრებოდნენ.
კინოცენტრის ახალი ოფისი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე მოეწყო. სამინისტროს სახსრებით სრულად აღდგა და გარემონტდა ინტერიერი.
„აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიულ შენობას საძირკველი ჰქონდა დაზიანებული და განადგურდებოდა, რომ არა სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრები მის გადასარჩენად – ძეგლის რესტავრაციისთვის. ადმინისტრაციული შენობის დარჩენილ ნაწილში კვლავ გრძელდება რესტავრაციის პროცესი. უკვე შეიცვალა შენობის სახურავი, გამაგრდა მზიდი კონსტრუქციები. სამუშაოებს ატარებს შპს „არტექსი“.
შედეგად, კინოცენტრი იმ კერას დაუბრუნდა, სადაც დაიწყო ქართული კინოწარმოება.
აღნიშნული შენობა საუკუნეზე მეტს ითვლის, მაგრამ ეს ადგილი საზოგადოების ხსოვნას კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სახელით შემორჩა.
მკვეთრად გამოხატული ეროვნული ელემენტების გამო შენობის არქიტექტურა თავის დროზე საბჭოთა ნომენკლატურამ დაიწუნა, დღეს კი, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ეროვნული კინოცენტრის უკვე რესტავრირებული შენობა ისევე გამოხატავს ქართული კულტურის თვითმყოფადობას, როგორც ქართული კინო.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2022 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით აქტიურად მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ძველი კინოსტუდიის ტერიტორიისა და იქ მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022 წლის განმავლობაში დაინგრა გვიანდელ პერიოდში ჩადგმული უსახური, ბარაკული ტიპის ავარიული შენობები (ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე), ტერიტორიაზე დაიგო ასფალტი და მოეწყო გამწვანება; დამონტაჟდა გარე განათების სისტემა; გაკეთდა წყლის ახალი ქსელი და სრულად შეიცვალა კანალიზაციის სისტემა; ყოფილ ფირსაცავ შენობაში ჩატარდა სრული რეაბილიტაცია და მოეწყო თოჯინების სახლი; ყოფილი სახანძრო სამსახურის 300 კვ. მ ორსართულიან შენობაში რეაბილიტაციის შემდეგ ბინა დაიდეს მეთოჯინეებმა, კინემატოგრაფიის დარგში კასტინგის კომპანიამ, ფოტოგრაფიის სახელოსნომ, ტრადიციული ლურჯი სუფრის შოუ-რუმმა. გადარჩენის მიზნით რუსთავის ავტოდრომიდან გადმოტანილი იქნა ორი მოზაიკური პანო და ისინი ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე განთავსდა. ამასთანავე, მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, რომელიც სამხატვრო აკადემიას გადაეცა სამართავად. გარდა ამისა, განახლდა ღობე.
2023 წელს ყოფილი ხის საამქროს ადგილზე დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. შენობა იქნება მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე 100 მაყურებელზე გათვლილი კინოდარბაზითა და საგამოფენო სივრცეებით. სამუშაოების დროს მიწისქვეშ აღმოჩნდა ორი აგურის წყობის გვირაბი, რაც, ასევე, პროექტის ნაწილად იქცა.
ორი ისტორიული, 1920-იან წლებში აგებული კინოპავილიონის გადარჩენისა და რეაბილიტაციის მიზნით 2024 წელს დასრულდა ყოფილი მულტსტუდიის შენობის გვიანდელი პერიოდის ავარიული ნაწილის დემონტაჟი.
2023 წელს დაიწყო ყოფილი ლაბორატორიის შენობის გამაგრება და რემონტი. სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.
2024 წელს დაიწყო და ამავე წლის აგვისტოში დასრულდა ხუთი თეატრისთვის სასაწყობე და სარეკვიზიტო სივრცეების კეთილმოწყობა.
XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში აგებული შენობა დავით აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც თავდაპირველად აშენდა, როგორც ელიტური საცხოვრებელი სახლი.
მოგვიანებით შენობამ თავისი მაღალმხატვრული მნიშვნელობის გამო საზოგადოებრივი ფუნქცია შეითავსა. 1950-იანი წლებიდან აქ დოკუმენტური ფილმების სტუდია განთავსდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.