„მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები“ – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მუხრან მაჭავარიანის დაბადების 95 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სოფელ არგვეთში, მისივე სახელობის ლიტერატურული კონკურსის „მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურების“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 10 საუკეთესო მინიატურის ავტორი გამოვლინდა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველა გამარჯვებული დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებულ სამეულს – ია ხასაიას, ბადრი სულაძეს და  შორენა პაპიძეს გადაეცათ ასევე ფულადი ჯილდო, შესაბამისად: 1000, 800 და 600  ლარის ოდენობით.
ამასთან ერთად, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა დააწესა ნომინაცია „სიტყვაქმნილობით გამორჩეული მინიატურა“.
ნომინაციაში დასახელდა ერმილე თოფურია. მას პრიზი თბილისის თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მერაბ ჩუხუამ გადასცა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სტუდია „არტისტის“ მომღერლები და სოლო შემსრულებლები.
დაჯილდოების ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, პოეტების საზოგადოება, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
დღესვე  საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერში, პოეტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
„მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დაარსებულია და უკვე რამდენიმე წელია იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები